როლანდ ახალაიას საქმე

როლანდ ახალაია: არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია

medianews.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის როლანდ ახალაიას განცხადებით, მისთვის ბრალის წაყენების მცდელობა პროვოკაციაა. როგორც დეპუტატი რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში აღნიშნავს, არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია.

"ეს არის ზუგდიდის საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ მოწყობილი პროვოკაცია, რომელიც არის ფარცხალაძის განუყოფელი მეგობარი. სინამდვილეში არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ეს თანხა დევს იქ - საპატრიარქოსთვის განკუთვნილი. განმუხურში უნდა გაშენებულიყო მეგრული ოდა პატრიარქის დასასვენებლად. მიწა მოვნიშნეთ მე და ზუგდიდის მეუფემ, ჩასულები ვიყავით, მაგრამ შემდეგ მიწის გამოყოფაც ვერ მოხერხდა გარკვეული მიზეზების გამო. ამაზე თუ არის ბრალდებაში საუბარი, მე ჯერ არ მინახავს", - განაცხადა ახალაიამ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წინადადებით მიმართა პარლამენტს დეპუტატ როლანდ ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ბრალდებისათვის თანხმობის მისაღებად. უწყების ცნობით, "საქმე ეხება როლანდ ახალაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად მუშაობის პერიოდში, მის მიერ ჩადენილ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს". 

პროკურატურის განცხადებით, საპროცესო გარიგების სანაცვლოდ, ახალაიამ ბრალდებულთა ახლობლებს 150 000 და 60 000 ლარი ჩაარიცხვინა შპს სანის ანგარიშზე "თითქოსდა ქველმოქმედების მიზნით".

კომენტარები