საჯარო სამსახური

ნადირაშვილი: პრემიერს მოვუწოდებ, საჯარო უწყებებში თავისი ნათესავები შეამციროს

news.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო სამსახურებში ხალხი შესამცირებელია და ამაში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეთანხმება.

”მოვუწოდებ პრემიერს, შეამციროს თავისი ნათესავები, თავი დაანებოს პროფესიონალებს და ადამიანების პოლიტიკური ნიშნით გაშვებას”, - აცხადებს ნადირაშვილი.

დღეს თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტროებში ძალიან ბევრი არაკომპეტენტური ადამიანია.  

”გაგიკვირდებათ და, ვეთანხმები პრემიერმინისტრს. ცოტა ხნის წინ მისი არაკომპეტენტური და, იმის შიშით, რომ გამოცდებს ვერ ჩააბარებდა, ხელშეკრულებით გადაიყვანეს MDF-ში  და აარიდეს გამოცდების პროცესს. ვეთანხმები, რომ ადამიანები არიან შესამცირებელი და მოვუწოდებ: შეამციროს თავისი დეიდაშვილი ჯანყარაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროდან, შეამციროს ჭიკაიძის და 112-დან, თავისი ახლობელი, მექრთამე ქადაგიშვილი გზების დეპარტამენტიდან, ქადაგიშვილის და MDF-ის ადმინისტრაციის უფროსობიდან, მანანა კობახიძის და მინისტრის მოადგილეობიდან, სოზარ სუბარის ბიძაშვილი სასჯელაღსრულებიდან. შეამციროს თავისი ნათესავები, თავი დაანებოს პროფესიონალებს და ადამიანების პოლიტიკური ნიშნით გაშვებას”, - აცხადებს ნადირაშვილი. 

კომენტარები