საჯარო სამსახური

შტატების შემცირების შემთხვევაში გათავისუფლებულები სხვა საჯარო უწყებაში გადავლენ

ტაბულა

2017 წლის 1 ივლისიდან ძალაში შევა მთავრობის დადგენილება "საჯარო მოხელის მობილობის წესის"  შესახებ (PDF დოკუმენტი). დოკუმენტის მიხედვით სახელმწიფო სტრუქტურის რეორგანიზაციის, შტატების შემცირების ან სრული ლიკვიდაციის შემთხვევაში გათავისუფლებული ადამიანები სამუშაოდ სხვა უწყებებში გადავლენ.

დადგენილების მიხედვით, გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს ეცნობება, ბიურო კი ქვეყნის მასშტაბით არსებული საჯარო უწყებების ვაკანსიების გადამოწმების შედეგად გათავისუფლებულებს მათი კვალიფიკაციის შესაბამის სამსახურს მოუძებნის.

დადგენილების მეთორმეტე მუხლი მობილობის წესებს განსაზღვარს, ეს პროცესი ასე გამოიყურება:

"საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

საჯარო სამსახურის ბიურო ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოიძიებს ინფორმაციას საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის შესახებ და აცნობებს მას საჯარო დაწესებულებას. ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ვაკანტური თანამდებობების მოძიებისას ბიურო ხელმძღვანელობს ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით.

იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში არ მოიძებნა საჯარო დაწესებულების საშტატო რიცხოვნობის შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებულ მოხელეთა თანამდებობების ტოლფასი თანამდებობები, ბიურო ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე მოიძიოს ინფორმაცია დაბალ ვაკანტურ თანამდებობებზე მოხელეთა კომპეტენციის გათვალისწინებით და გააგზავნოს მათ შესახებ ინფორმაცია საჯარო დაწესებულებაში.

ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ერთი კვირის ვადაში შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელის მობილობის საკითხს ათანხმებს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის მქონე საჯარო დაწესებულებასთან.

დადგენილების მეცამეტე მუხლის მიხედვით, კი თუ საჯარო სამსახურის ბიურომ ვერ მოძებნა შესაბამისი ვაკანსია, სადაც გათავისუფლებული შეიძლება გადავიდეს ის მოხელეთა რეზერვში ირიცხება. ამ რეზერვში ჩარიცხულ ადამიანებს მთავრობა 3 თვის ხელფასის კომპენსაციას გადასცემს. 2 წლის ვადაში კი ამ პირებს საჯარო უწყებებში გამოცხადებულ ნებისმიერ შიდა კონკურსში შეეძლებათ მონაწილეობის მიღება. მოხელეთა რეზერვში ადამიანი იმ შემთხვევაშიც ჩაირიცხება თუ ის უარს განაცხადებს საჯარო სამსახურის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ სამსახურზე.

კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო მოხელედ ქვეყანაში დაახლოებით 52 ათასი ადამიანი ითვლება. სულ საჯარო სექტორში 115 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს, მათგან ყველა მოხელედ არ ითვლება.

კომენტარები