მურმან დუმბაძე

დუმბაძე: არ შეიძლება მხოლოდ ისე მოვიქცეთ, როგორც კანონი ამბობს

batumelebi.ge

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის თქმით, თავისუფალი საქართველოს ხელვაჩაურის რაიონის ხელმძღვანელი პირადად მას არ უცემია, თუმცა ფაქტს ადასტურებს. ტაბულასთან საუბარში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი განმარტავს, რომ პარტია თავისუფალი საქართველოს ხელვაჩაურის რაიონის ხელმძღვანელმა მერაბ ღოღობერიძემ მას Facebook-ზე აგინა და დუმბაძის ძმამ და მეგობარმა ამის გამო სცემეს. 

„მე არ დამინახავს, მე მანქანაში ვიჯექი. დედა პატივი და ღირსებაა ადამიანისთვის და გინება საქართველოში არ მოსულა. საკანონმდებლო ხარვეზია, დედის შეგინებას პასუხი უნდა გაეცეს, კანონი ღირსებამდე უნდა მივიდეს. არ შეიძლება მხოლოდ ისე მოვიქცეთ, როგორც კანონი ამბობს, ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ღირსება გვკარნახობს. ეს საკანონმდებლო ხარვეზი გვაქვს და ვიმუშავებ, რომ ეს გამოსწორდეს. სისხლის სამართლის საქმე იმიტომ აღიძრა, რომ სახელმწიფო ვერ მუშაობს. ახლა facebook-ით შეგინება მოსულა და პირში შეგინება არ არის მოსული - ასე არ არის. facebook-ით იქნება, მაილით თუ ტელეფონით, გინება გინებაა. ეს ადამიანი 6 თვეა, მუშაობაში ხელს მიშლის. რამდენიმე თვის წინ ჩემი სახლის ეზოში ეკლესიის მაკეტი დამიწვა და ჩემს ცოლსაც აგინა. მე არ მიცემია, მაგრამ უნდა ვცემო. ან სავადმყოფოში გადაიყვანონ და შეურაცხადის ცნობა მისცენ და მაშინ აღარ ვცემ. მაგრამ გიჟი თუა, როგორ არის პოლიტიკური პარტიის წევრი" - თქვა მურმან დუმბაძემ.

პარტია თავისუფალი საქართველოს ხელვაჩაურის რაიონის ხელმძღვანელმა მერაბ ღოღობერიძემ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე და მისი ძმა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. ღოღობერიძის განცხადებით, ბათუმში, მემედ აბაშიძისა და ჯაფარიძის ქუჩების კუთხეში მურმან და ნუგზარ დუმბაძეები მას თავს დაესხნენ და სცემეს. მისივე თქმით, შემთხვევა ინციდენტის ადგილზე დამონტაჟებულმა ვიდეოკამერებმა აღბეჭდეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსხლის სამართლის საქმე 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემის ან ადამიანის ფიზიკური ტკივილის გამომწვევი სხვაგვარი ძალადობის ფაქტებს გულისხმობს და 15 თვემდე გამასწორებელ სამუშაოს ან 2 თვით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები