ხუდონჰესის პროექტი

ვიქტორ ჯაფარიძე: სამთავრობო კომისია პრემიერის ხელდასმით ქმედითუნარიანი იქნება

მესტიის მაჟორიტარი დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის განცხადებით, ხუდონჰესის საკითხი დიალოგის რეჟიმში უნდა გადაწყდეს. მისი თქმით, ოქროს შუალედის მოძებნა აუცილებელია. ვიქტორ ჯაფარიძემ ექსპერტების: ლევან კალანდაძის, ირაკლი ლექვინაძის, გიორგი აბაშიშვილისა და ლევან ალაფიშვილის ინიციატივა შეაფასა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ხუდონის საკითხზე ახალი სამთავრობო კომისიის შექმნა აუცილებელიც არის.

"ძალით და ჩხუბით არაფერი გაკეთდება. დიალოგის რეჟიმში ვართ გადასულები და, რა თქმა უნდა, ასეც უნდა იყოს, განსხვავებით სააკაშვილის ხელისუფლებისაგან, რომელიც მხოლოდ იარაღსა და კუნთებზე იყურებოდა. ვთვლი, რომ არ იქნება ურიგო სამთავრობო კომისიის შექმნა. თუ სამთავრობო დონეზე მოხდება კომისიის შექმნა და პრემიერის ხელდასმით, რა თქმა უნდა, ქმედუნარიანი იქნება. ეს რიგითი კომისია ხომ არ არის. როცა კომისიაში მინისტრები შედიან, აუცილებლად ქმედუნარიანი იქნება. ხაიშელები თუ მეტყვიან, რომ ამ კომისიაში მე უნდა ვიყო მათი წარმომადგენელი, ჩავერთვები. კიდევ ვიმეორებ, სამთავრობო კომისიის შექმნა, ჯერჯერობით, ექსპერტთა მოსაზრებაა, თუმცა დიალოგის რეჟიმს ყოველთვის მხარს ვუჭერ", - თქვა მესტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით კი, ხუდონჰესის პროექტის განხორციელებაში საზოგადოების ჩართულობა ძალიან მაღალია. მისი თქმით, ენერგეტიკის სამინისტრო და მთავრობა მუდმივად გამოთქვამენ მზადყოფნას დიალოგისთვის. სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ არ იცის, ახალი სამთავრობო კომისიის შექმნა რამდენად საჭიროა.

„მე არ ვარ იმდენად ჩახედული პროექტის დეტალებში, რომ ახალი კომისიის შექმნის საჭიროებაზე ვიმსჯელო. ალბათ, ენერგეტიკის სამინისტრო უფრო კომპეტენტური იქნება პასუხის გაცემაში. პირადად მე რასაც ვხედავ, როგორც ამ კუთხის წარმომადგენელი, მთავრობის წევრი თუ საზოგადოების რიგითი წევრი, ძალიან აქტიურია საზოგადოების ჩართულობა - როგორც მოსახლეობის, ისე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების. კარგი იქნება, თუ ამაში ექსპერტებიც ჩაერთვებიან", - აღნიშნავს სუბარი.

ხუდონჰესთან დაკავშირებით, ექსპერტებმა სამთავრობო კომისიის შექმნის ინიციატივა სამშაბათს დააყენეს და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილობით მიმართეს. ექსპერტების განცხადებით, სამთავრობო კომისიის ძირითადი ფუნქცია მთელი სვანეთის მოსახლეობასთან კომუნიკაცია უნდა იყოს. ასევე, ყველა იმ საკითხის ოპერატიული გადაწყვეტა, რომელიც ხუდონჰესის პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით წარმოიქმნება.

კომენტარები