მოდა

ბევრი სპორტი და ცოტა პოლ გოგენი, ანუ მოდა გაზაფხულისთვის

გრძელი და ნაცრისფერი ზამთრის გასვლის შემდეგ, გარდერობის განახლება ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად იქცევა. გაზაფხულის მოდა, ტრადიციულად, ნათელ ფერებთან, ყვავილოვან პრინტსა და მსუბუქ სამოსთან ასოცირდება. ამასთან, თუ მომავალი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს თვალს გადავავლებთ, ცხადი გახდება, რომ მოდური სტერეოტიპებისთვის გვერდის ავლა რთული უნდა იყოს. ამას მოწმობს პასტელის ფერთა გამა, ყვავილოვანი აპლიკაციები სამოსზე და ლითონისფერი ქსოვილის პოპულარობა.

თუმცა, ზამთრიდან გამოყოლილი სეზონური ასთენიის დასამარცხებლად, დიზაინერები ისეთ „უცნაურ" ტრენდსაც გვთავაზობენ, როგორიც მონოქრომატულობაა. შავ-თეთრი გრაფიკული პრინტი ლაიტმოტივივით გასდევს გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს. Victoria Beckham-მა აქცენტი საყელოსა და მანჟეტებზე გააკეთა, Derek Lam-მა და Diane Von Furstenberg-მა „შავი – ზემოთ, თეთრი – ქვემოთ" ფორმულით იხელმძღვანელეს... ამ მკაცრი სინთეზისთვის ყურადღების მიქცევას გვირჩევენ Fendi, Erdem, Saint Laurent, Carolina Herrera, Bottega Veneta, Victoria Beckham, Rodarte, Alexander Wang... ასევე ძალიან აქტუალური ხდება total look-იც თეთრ ფერში (მაგალითად, Paul Smith-თან და Ralph Lauren-თან), რაც ზაფხულის კოლექციებში უკვე კლიშედ იქცა.

ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და ასევე არაორდინარული ტენდენცია ამ გაზაფხულზე ბეწვია, თუმცა თუ გავიხსენებთ მის არნახულ პოპულარობას გასულ სეზონზე, ყველაფერი გასაგები გახდება. Dolce&Gabbana-ს „ფუმფულა" კაბების ტარება თბილ ამინდში რთული წარმოსადგენია, თუმცა ლაგერფელდმა ამჯერად შეუძლებელი შეძლო და Fendi-ს გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში, ბეწვის ორგანზასთან კომბინირებით, უმსუბუქესი, ნამდვილად საზაფხულო კაბები წარმოადგინა. ასევე, რთულია Gabriele Colangelo-ს ულამაზესი მოსაცმელების დავიწყება, ისევე, როგორც Prada-ს მხიარული პრინტიანი ბეწვის პალტოებისა და ქვედაკაბების, რომლებიც ზამთარზე მეტად, თანამედროვე ხელოვნებისა და ჰავაის ასოციაციას იწვევენ.

მომავალი გაზაფხული-ზაფხულის მოდის წარმოდგენა რთული იქნება პლისირებული სამოსის გარეშე. ამასთან, მისი მიზანი არ არის სასკოლო ფორმის ილუზიის შექმნა. ლითონის ფერისა და თეთრი ქსოვილის კომბინირებით შექმნილი ჰაეროვანი ქვედაკაბები Proenza Schouler-თან და სიჭრელე Mary Katrantzou-სთან აღნიშნულ ტრენდზე სწორ წარმოდგენას ქმნის.

ამ გაზაფხულზე მოდაში ასევე ბრუნდება მოკლე ტოპი, რომელიც სიგრძითა და ფორმით ბიუსტჰალტერს წააგავს. თუმცა, იმისთვის, რომ ნავარჯიშევი მუცლის დემონსტრირება მოვახდინოთ, ვერც სპორტული ცხოვრების წესს ავუვლით გვერდს. ეს კარგად იციან Tom Ford-მა, Vera Wang-მა, Rag&Bone-მა, Gucci-მ, Stella McCartney-მ, Balenciaga-მ, Marni-მ, Emilio Pucci-მ, Paco Rabanne-მა... ცხადია, არ შეიძლება Lacoste-ისა და Tommy Hilfiger-ის საგაზაფხულო კოლექციების დავიწყებაც. ზოგადად, მინიშნება სპორტულ სტილზე ბევრმა დიზაინერმა გააკეთა. მათ ნამუშევრებს შორის ვხვდებით სავარჯიშო მაისურებს, ე.წ. კალათბურთელის შარვლებს, მსუბუქ ქურთუკებს ელვაშესაკრავით და ა.შ. ძვირფასი ქსოვილი და შესრულების მანერა ელეგანტურ სპორტულ სტილს ქმნის, ეს კი ამგვარი სამოსის ტარებას მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ადეკვატურად აქცევს.

ვისთვისაც პლისირებული ქსოვილი, „ბერმუდები", ბოიფრენდის სტილის პერანგები და ეთნიკური მოტივები არაფრისმთქმელია და სამოსში უფრო მეტს ეძებს, ვიდრე კერვის ხელოვნებაა, თბილი სეზონისთვის მსოფლიოს გავლენიანი დიზაინერები კიდევ ერთ იდეას სთავაზობენ. მათი ნამუშევრების ერთად თავმოყრა არტფესტივალის ტოლფასი იქნებოდა – Alexander McQueen-თან და Céline-თან სამოსში მონდრიანის ესთეტიკა იგრძნობა, Chanel-ის კაბები კი სულაც Pantone-ს ფერების კატალოგის მიხედვით შექმნილს ჰგავს. Prada-სთან ინსპირაციის წყაროდ ქუჩის კედლის მხატვრობა იქცა, Aquilano.Rimondi-სთან კი გოგენის შემოქმედებამ ერთგვარი იდე ფიქსის შექმნას დაუდო საფუძველი. თუმცა, არანაკლებ პოპულარულია ტიპოგრაფიული ხელოვნებაც, რომელიც აქტუალური Dior-ისა და Lanvin-ის ნამუშევრებშიც კი გახდა. ყველაზე ორიგინალური კი Undercover-ის სამოსია, რომელზე გაკეთებული წარწერებიც სიბნელეში ანათებს. ტრენდის მასშტაბურობას თუ გავითვალისწინებთ, სლოგანი ყველა მსურველისთვის მოიძებნება. მაგალითად, „Dream", როგორც Lanvin-თან ვნახეთ. ეს, საგაზაფხულოდ, ალბათ, არცთუ ცუდი იდეაა.

კომენტარები