საქართველო-რუსეთი

გივი თარგამაძე: ზაქარეიშვილი და ვოლსკი რუსეთზე მუშაობენ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილის მსგავსი პიროვნება ქართულ პოლიტიკაში არ უნდა არსებობდეს - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გივი თარგამაძემ ტაბულას გადაცემა ფოკუსის ეთერში განაცხადა.

მისი განცხადებით, ზაქარეიშვილი „ნებით თუ უნებლიედ" რუსეთის ინტერესებს ემსახურება. „ყველაფერი, რაზეც ის საუბრობს, არის ის, რასაც უნდა ლაპარაკობდეს სლუცკი ან რუსეთის დუმის რომელიმე კომიტეტის თავმჯდომარე", - აღნიშნა თარგამაძემ. განსაკუთრებით აღაშფოთა დეპუტატი ზაქარეიშვილის განცხადებებმა მის შესახებ, რომ რუსეთი „მხოლოდ ბორდერიზაციას" ახორციელებს და აფხაზეთში 11 კილომეტრიანი „სასაზღვრო ზონის" შემქნა საგანგაშო არ არის.

„ეს ადამიანი ჩვენს მთავრობაში მუშაობს რუსებზე", - განაცხადა თარგამაძემ და აღნიშნა, რომ იგივე მოსაზრება აქვს ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერ გიორგი ვოლსკისთან დაკავშირებით.
თარგამაძის თქმით, სწორედ ასეთი ადამიანები ხელისუფლებაში რუსეთის ხელში საქართველოზე ზემოქმედების ბერკეტს წარმოადგენენ.

კომენტარები