დიდი ბრიტანეთის სანქციების ახალ პაკეტში საქართველოში რეგისტრირებული სამი კომპანია მოხვდა.
სანქციების ახალი პაკეტის მიზანია მოსკოვის მიერ სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული კრიპტოვალუტის ქსელებისა და ჩრდილოვანი ფინანსური სისტემების შეზღუდვა. განცხადებას ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, ქსელი აქტიურად იყენებდა ყირგიზეთის ფინანსურ სისტემას, ასევე კრიპტოვალუტის პლატფორმებსა და საერთაშორისო გადახდის ალტერნატიულ მექანიზმებს. ლონდონის შეფასებით, აღნიშნულმა სტრუქტურამ გასულ წელს 90 მილიარდ დოლარზე მეტი თანხის ბრუნვას შეუწყო ხელი, რაც რუსეთის წლიური სამხედრო ხარჯების დაახლოებით ნახევარს უტოლდება.
"ჩვენ ასევე ვასანქცირებთ სამ ქართულ კომპანიას, რომლებიც ოპერირებენ რუსეთზე ფოკუსირებულ სავაჭრო ბირჟებს და სანქციების თავიდან არიდებას ცდილობენ." - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
სანქცირებულ ქართულ კომპანიებში შედიან:
- AIFORY LLC - ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, ეს კომპანია ჩართულია ან ჩართული იყო რუსეთის მთავრობისთვის ფინანსური სერვისების გაწევასა და ფინანსურ სერვისთა სექტორის საქმიანობაში დახმარებაში, რისი მეშვეობითაც თავად სარგებელს ღებულობდნენ. კომპანია დარეგისტრირებულია თბილისის თავისუფალ სამრეწველო ზონაში, ომარ ხიზანიშვილის 264 ნომერზე. შეიზღუდება ამ კომპანიასთან საბანკო ურთიერთობები და გადახდების დამუშავება.
- ARVIX LLC - ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, კომპანია სავარაუდოდ ჩართული იყო რუსეთის მავრობისთვის ფინანსური სერვისების გაწევით და დაკავშირებული იყო რუსულ კრიპტოვალუტის ბირჟებთან: Garantex-თან და Grinex-თან. Arvix LLC რეგისტრირებულია იმავე მისამართზე, რაზეც Aifory LLC. კომპანიას ინტერნეტმომსახურების შეზღუდვები შეეხება.
- RAPIRA GROUP LLC - ბრიტანეთის მთავრობის ბრალდების მიხედვით, ეს კომპანია ასევე ფინანსური სერვისების სახით ეხმარებოდა რუსეთის მთავრობას და ძირს უთხრიდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. კომპანია რეგისტრირებულია ქუთაისში, ავტომშენებლის 88-ზე. შეიზღუდება ამ კომპანიასთან საბანკო ურთიერთობები და გადახდების დამუშავება.




