შეტაკებები კიევში

რადამ დაკავებული ევრომაიდნელების ამნისტიის შესახებ ახალი კანონი მიიღო

უკრაინის უმაღლესი რადა

უკრაინის უმაღლესმა რადამ, 2004 წლის კონსტიტუციის აღდგენის შემდეგ, დღეს, 21 თებერვალს, მიიღო კანონი ამნისტიის შესახებ, რის შედეგადაც ციხეებს დატოვებენ კიევში, მასობრივი არეულობისას დაკავებულები.

აღნიშნული საკანონმდებლო ნაბიჯები ნაწილია იმ შეთანხმებისა, რომელიც რამდენიმე საათის წინ შედგა პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს, უკრაინის ოპოზიციასა და ევროპელ მაღალჩინოსნებს შორის.

აღნიშნული შეთანხმების მე-4 პუნქტის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები 2014 წლის დეკემბრამდე ჩატარდება. გარდა ამისა, ხელისუფლების, ოპოზიციისა და ევროკავშირის ზედამხედველობით ჩატარდება უკრაინაში მომხდარი ძალადობრივი ფაქტების გამოძიება.

შეთანხმების მე-5 პუნქტში წერია, რომ ხელისუფლება არ შემოიღებს საგანგებო მდგომარეობას. პარლამენტი მიიღებს კანონს ამნისტიის შესახებ და ციხიდან გამოუშვებენ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ევრომაიდანზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დააკავეს. ამავე პუნქტის მიხედვით, მხარეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ მშვიდობის დასამყარებლად, გაათავისუფლონ ადმინისტრაციული შენობები და ბლოკირებული ქუჩები.

მე-5 პუნქტისვე მიხედვით, ოპოზიციონერმა აქტივისტებმა შესაბამისი კანონის ძალაში შესვლიდან 24 საათში შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ჩააბარონ არალეგალური იარაღი. ოპოზიციონერმა აქტივისტებმა და სამართალდამცავებმა უნდა დატოვონ დაპირიპირების ადგილები.

აღნიშნულ შეთანხმებას მხარს არ უჭერს რადიკალური ორგანიზაცია მემარჯვენე სექტორი. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, დმიტრი იაროში თქმით, შეთანხმებაში არაფერი წერია პრეზიდენტის გადადგომისა და მასობრივი ძალადობის ორგანიზატორების დასჯის შესახებ.

ტაბულა დამატებით ინფორმაციას შეთანხმების სხვა პუნქტების შესახებ პერიოდულად მოგაწვდით.

უკრაინაში 18 თებერვალს დაწყებული არეულობის შედეგად, სულ მცირე, 77 ადამიანია დაღუპული.

 

კომენტარები