აფხაზეთში ტერიტორიაზე სპორტული ფეხსაცმლის პოპულარული ბრენდის, Converse-ს მაღაზია გაიხსნა.
როგორც ტაბულას Converse-ის საქართველოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თათია დემეტრაშვილმა განუცხადა, საქართველოში ამ ბრენდის საქონლით ვაჭრობის ექსკლუზიური უფლება მხოლოდ ქართულ წარმომადგენლობას აქვს და სოხუმში მაღაზიის გახსნა უკანონოდ მოხდა. მისი თქმით, სოხუმში Converse-ს გახსნის უკან „იგივე ხალხი დგას, ვინც 2009 წელს სოხუმში Benetton-ის მაღაზიის გახსნას ცდილობდა". კომპანია კომპანია რეაგირებას საქართველოს ხელისუფლებისგან ელოდება.
2009 წელს Benetton-ის თურქეთის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ფილიალის გახსნას აფხაზეთში გეგმავს. ამას ოფიციალური თბილისის პროტესტი მოჰყვა, თურქეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს. საბოლოდ, Benetton-მა თავის გეგმაზე უარი თქვა.
საქართველოს საგარეო უწყებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე Converse-ს მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. სამინისტროში ტაბულას განუცხადეს, რომ საკითხს სწავლობენ და დეტალების გარკვევის შემდეგ შესაბამის ზომებს მიმართავენ.