საქართველო-ევროკავშირი

საქართველომ შესაძლოა სამხედროები ცენტრალურ აფრიკაში გაგზავნოს

mod.gov.ge

ქართული მხარე განიხილავს ევროკავშირის შეთავაზებას ცენტრალურ აფრიკაში სამხედრო ოპერაციაში ქართველი სამხედროების მონაწილოების თაობაზე. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული მხარის გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოება ინფორმაციას მოგვიანებით მიიღებს.

"ასეთი თხოვნით ევროკავშირმა მიმართა საქართველოს, რომლის შეიარაღებულ ძალებს აქვს ძალიან მაღალი გამოცდილება, დიდი პროფესიონალიზმი და საბრძოლო გამოცდილება და ჩვენ, ქართული მხარე ვართ ამ წინადადების განხილვის სტადიაში", - განმარტა ირაკლი ალასანიამ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ეროკავშირის ეგიდით წარმოებულ ოპერაციაში ერთვება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა.მისი თქმით, ვილნიუსის სამიტის დროს ხელი მოეწერა ევროკავშირთან კრიზისების მართვის ოპერაციებში ჩართვის ხელშეკრულებას.

"საქართველო ევროპული უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ კონტრიბუტორიც უნდა იყოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოებაში თავის წვლილს შეიტანს", - აღნიშნა ზალკალიანმა.

კომენტარები