აშშ-რუსეთი

ფსაკი: რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები პირველი საუბრობდნენ ჩანაწერზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდისა და უკრაინაში ამერიკის ელჩის ჯეფრი პაეტის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა, არც ვიდეოს ავთენტურობას უარყოფს.

”არ შემიძლია, დავადასტურო ან გამოვკვეთო დეტალები. არ ვაპირებ, ვისაუბრო პირადი დიპლომატიური საუბრების შესახებ. ვუშვებ, რომ ეს შეიძლება იყოს ნამდვილი. საიდუმლო არ არის, რომ ელჩი პაეტი და სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნულანდი მუშაობდნენ უკრაინის ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან. მათ ჰქონდათ დისკუსია და შეთავაზებები განვითარებულ მოვლენებზე. როგორც იცით, ნულანდი ახლაც უკრაინაშია და არ იშურებს ძალისხმევას. უკრაინელების გადასაწყვეტია მათი მომავალი, მათი გზა და თანმიმდევრულია, რომ ამას ჩვენ ვამბობთ საჯაროდ თუ პირად საუბრებში”, - თქვა ჯენ ფსაკიმ.

ჟურნალისტებმა ფსაკის ასევე ჰკითხეს, აქვთ თუ არა ევროკავშირსა და ამერიკას ერთნაირი შეხედულება, უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად.

”ჩვენი მოსაზრებები ძალიან ახლოსაა ევროკავშირთან და ევროკავშირის წარმომადგენლებთან. ნულანდი თანამშრომლობს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ეშტონთან. ნულანდი დაუკავშირდა ევროკავშირის წარმომადგენელ კოლეგებს და მათ ბოდიში უკვე მოუხადა”, - აღნიშნა ფსაკიმ პრესკონფერენციაზე.

ჟურნალისტმა ვიდეოს წარმომავლობის შესახებაც დაუსვა კითხვა - ფიქრობთ თუ არა, რომ ამერიკის ხელისუფლება ფიქრობს, რომ რუსეთი დგას ვიდეოს გავრცელების უკან?

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ყველზე უარესი, რაც შეიძლება მომხდარიყო რუსული კონსპირაციის თვალსაზრისით. მე არ მაქვს სხვა არანაირი ინფორმაცია Youtube-ის ვიდეოს წარმომავლობის შესახებ. ეს მოხდა ღამით და ჯერ ახალი ამბავია. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად უწევდნენ პროპაგანდას. მათ პირველმა დაწერეს ამ საკითხზე სოციალურ ქსელში, რაც ნამდვილად ცუდი საქციელია. არ ვიცი, ეს რუსების გავრცელებულია თუ არა, მაგრამ ამ შემთხვევას პირველი ისინი უწევდნენ პროპაგანდას”, - თქვა ფსაკიმ.

კომენტარები