საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

მაია ფანჯიკიძე: ფილიპ ლეფორს განმარტებას მოვთხოვთ

facebook.com/maiapanjikidzeofficial

 "სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სტატუსი რეალობაა, რომელიც შეცვლას არ ექვემდებარება", - ოსური საინფორმაციო სააგენტოებისა და რუსული სააგენტო რეგნუმის ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ, საქართველოში საფრანგეთის ყოფილმა ელჩმა ფილიპ ლეფორმა ცხინვალში განაცხადა. 

ოფიციალური თბილისისთვის უცნობია, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია ლეფორის განცხადების შესახებ. საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამის თაობაზე განმარტებას თავად ფრანგ დიპლომატს მოსთხოვს. მაია ფანჯიკიძის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენელს ოფიციალური ბრიუსელისგან განსხვავებული პოზიციის დაფიქსირების უფლება არ აქვს.

"ჩვენ ამას უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ. ამ ეტაპზე მე რა ინფორმაციაც მაქვს, არის ოსური მედიის მიერ გავრცელებული განცხადება, რომლის ნამდვილობაშიც მე მაქვს უფლება შევიტანო ეჭვი", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ფილიპ ლეფორი  საქართველოში ხვალ ჩამოდის და შეხვედრაზე სწორედ ამ კითხვას დაუსვამს.

"ძალიან მაინტერესებს რა იქნება მისი პასუხი. თუკი ეს ისეა, როგორც ვრცელდება მედიის საშუალებით, მაშინ ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაგირება, რომელიც იქნება უაღრესად მკაცრი. ევროკავშირი, მისი ყველა წევრი სახელმწიფო აღიარებენ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, მისი სპეციალური წარმომადგენლის მიერ ამ ყველაფერთან წინააღმდეგობაში მოსული განცხადება ეწინააღმდეგება თავად ევროკავშირის პოლიტიკას და მისი წევრი სახელმწიფოების პოლიტიკას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები