თბილისის ბიუჯეტი

აბესაძე: პროკურატურა ცდილობს, დანაშაულის გამოძიების ნაცვლად, კვალი დაფაროს

droanews.ge


თბილისის მერის მოადგილის ირაკლი აბესაძის თქმით, პროკურატურა, დიდი ალბათობით, ცდილობს, დანაშაულის გამოძიების ნაცვლად, მისი კვალი დაფაროს. აღნიშნული აბესაძემ პროკურატურის მიერ შპს სინათლის ქალაქის დირექტორის, ნიკა ტოგონიძის დაკითხვასთან დაკავშირებით თქვა.

აბესაძის თქმით, "დაკითხვა უკავშირდება საქართველოს მთავრობის უპასუხისმგებლოდ და უსირცხვილოდ გავრცელებულ ტყუილს, თითქოს ანძის გარეგანათების გამორთვამ პრობლემები შეუქმნა საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხოებას და გამოიწვია რაღაც შუქურის ჩაქრობა". მისივე განმარტებით, მისთვის სულ ახლახან გახდა ცნობილი სინათლის ქალაქის დირექტორის მოადგილისგან, რომ ეს შუქურა რამდენიმე წელია, ჩამქრალია.

"დიდი ალბათობით, პროკურატურა კიდევ ცდილობს, დანაშაულის გამოძიების ნაცვლად, დანაშაულის კვალი დაფაროს და მოახდინოს ადამიანებზე ზეწოლა, რათა მათ საჯაროდ არ გაავრცელონ თავიანთი მოსაზრება", - თქვა აბესაძემ.

მთავარმა პროკურატურამ თბილისის ტელეანძაზე განათების გათიშვის გამო, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ თბილისის ტელეანძაზე გარეგანათებისა და საჰაერო ნავიგაციისათვის განკუთვნილი შუქურის გათიშვა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

"მედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტელეანძაზე გაითიშა გარეგანათება და საჰაერო ნავიგაციისათვის განკუთვნილი შუქურა, რითაც შესაძლოა, ვერ იქნას უზრუნველყოფილი უსაფრთხო ფრენა. ვინაიდან, მასმედიით გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით", - წერია განცხადებაში.

უწყების განმარტებით, საფრთხე შეექმნა საჰაერო ხომალდების უსაფრთხოებას ფრენის დროს. უკვე ამ მიმართულებით კი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 227-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები