თბილისის საქალაქო სასამართლომ საპატრიარქოსთან დაკავებულ სამ პირს 100-100-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. მეოთხე პირმა კი, სიტყვიერი შენიშვნა მიიღო.
“2013 წლის 9 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ქ. თბილისში, 8 იანვარს, საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს მომხდარი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტების შესახებ და თორნიკე და ევგენი ქავთარაძეები, სანდრო ზაუტაშვილი და ვეფხვია ღვალაძე სამართალდამრღვევებად ცნო. სასამართლომ ს. ზაუტაშვილს და მამა-შვილ ქავთარაძეებს ადმინისტრაციული სახდელის სახით დააკისრა ჯარიმა თითოეულს 100-100 ლარის ოდენობით, ხოლო, ვ. ღვალაძის მიმართ სასამართლო სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. საქმის მასალების მიხედვით, ზემოხსენებულმა პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს აქციის იმ მონაწილეებს, რომლებმაც პატრიარქის საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმების, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია თორნიკე და ევგენი ქავთარაძეების, სანდრო ზაუტაშვილისა და ვეფხვია ღვალაძის მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის ფაქტი", - აცხადებს საქალაქო სასამართლო და აღნიშნავს, რომ დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია 10 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
გუშინ, საპატრიარქოსთან საშობაო ეპისტოლეში სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებაზე პატრიარქის პოზიცია გააპროტესტეს. შენობასთან საპატრიარქოს მხარდამჭერი აქციაც გაიმართა. მათ შორის იყო პოლიტპატიმრის სტატუსით ციხიდან გათავისუფლებული გიორგი გაბედავა. აქციებზე 5 პირი დააკავეს.
ევგენი და თორნიკე ქავთარაძეები, სანდრო ზაუტაშვილი და ვეფხია ღვალაძე საპატრიარქოს პოზიციის გამპროტესტებელი აქციის მონაწილეთა ფიზიკური შეურაცხყოფისთვისა და პლაკატების დახევისთვის დააკავეს. სამართალდამცველებმა ასევე აიყვანეს აქციის მონაწილე გიორგი ნონიაშვილი.





