ვანო მერაბიშვილის საქმე

სასამართლომ ვანო მერაბიშვილის დაჯარიმების მიზეზი განმარტა

თბილისის საქალაქო სასამართლო ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის დაჯარიმების საკითხზე განცხადებას ავრცელებს. სასამართლოს განმარტებით, მერაბიშვილის სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს, ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, სხდომის მდივანმა ბრალდების მხარისა და მოსამართლის მიკროფონი შეამოწმა, რამაც დარბაზში მცირედი ხმაური გამოიწვია.

„სისტემის ტექნიკური გამართულობის შემოწმების შემდეგ ბრალდებული დაინტერესდა, თუ რამ გამოიწვია ხმაური. სხდომის მდივანმა განუმარტა მიკროფონის ტექნიკური გაუმართაობის შესახებ. ახსნა-განმარტებით უკმაყოფილო ივანე მერაბიშვილმა ხმამაღალი და უცენზურო სიტყვებით მოიხსენია სხდომის მდივანი და სასამართლო. აღნიშნული ქმედებით მხარემ დაარღვია წესრიგი და გამოხატა სასამართლოსადმი აშკარა და უხეში უპატივცემულობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედება აღკვეთეს მანდატურმა და საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებმა. მითითებული გარემოებები დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებისა და სხდომის მდივნის მოხსენებითი ბარათები და თანდართული მასალები და ბრალდებულ ივანე მერაბიშვილს დააკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულება საჩივრდება ჩაბარებიდან 48 საათის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან. განკარგულება აღსრულებისათვის გადაეგზავნება შესაბამის სააღსრულებო ბიუროს“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

 

კომენტარები