ოთარ ფარცხალაძის საქმე

ბესელია: მაინტერესებს, უგულავა ადრე თუ დაინტერესდა ფარცხალაძის საკითხით?

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც მაღალ თანამდებობებს იკავებდა. დეპუტატის თქმით, საინტერესოა, რატომ არ გაუჩნდა მაშინ მსგავსი კითხვები გიგი უგულავას.

ეკა ბესელიას აზრით, "თბილისის მერის განცხადება ჟვანიას საქმის და იმ კორუფციული გარიგებების გამოძახილია, რომელთა გამოძიებაზეც პროკურატურა ძალიან საინტერესო ტემპით მუშაობს".

"ოთარ ფარცხალაძე სისტემაში დღეს არ დანიშნულა. ის 18 წლიდან არის სამართალდამცავ სტრუქტურებში, მათ შორის, მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა მათი ხელისუფლების პირობებში და მაინტერესებს, უგულავა მაშინ თუ დაინტერესდა ამ საკითხებით და მაშინ თუ გაუჩნდა ეს კითხვები. როგორც ვიცი, ფარცხალაძე ღირსების ორდენითაც არის დაჯილდოებული", - თქვა ბესელიამ.

ცნობისთვის, გუშინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში, თბილისის მერმა გიგი უგულავამ სპეციალური განცხადება გააკეთა. უგულავას თქმით, მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე 2001 წელს გერმანიის ქალაქ აუგსბურგში ყაჩაღური ქურდობის ბრალდებით გასამართლდა და სასჯელის ერთ-ერთ ფორმად გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

მთავარმა პროკურატურამ კი, უგულავას განცხადება პოლიტიკურ შანტაჟად შეაფასა.

კომენტარები