ტაბულას განცხადება

ტაბულას დირექტორი საქართველოს ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს

ტაბულას დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა კიევში ტაბულას გადამღები ჯგუფის ინციდენტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. გადამღებ ჯგუფს უკრაინის უშიშროების და საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს. ჩერგოლეიშვილი საქართველოს საგარეო უწყებას აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებასა და პრინციპული პოზიციის დაკავებას სთხოვს.

"ტაბულა საგარეო უწყებას სთხოვს, რეაგირება მოახდინოს და პრინციპული პოზიცია დაიკავოს უკრაინელ კოლეგებთან და მათ მოსთხოვოს, რომ ქართველ ჟურნალისტებს არ შეეშალოთ ხელი პროფესიული მოვალეობების განხორციელებაში. დაიცვას მათი უფლებები. გარკვეულწილად ნათელი გახადოს, რომ საქართველო, ქართული სახელმწიფო, მთავრობა ქართველი ჟურნალისტების უფლებებს დაიცავს ნებისმიერ ტერიტორიაზე, იქნება ეს უკრაინა, საქართველო თუ რომელიმე სხვა ქვეყანა", - თქვა ჩერგოლეიშვილმა. ტაბულა საგარეო უწყებას დაუკავშირდა, თუმცა, მათ ჯერ არ იციან, რას აპირებს სამინისტრო.

ჩერგოლეიშვილის თქმით, ტაბულას გადამღები ჯგუფი კიევში დარჩება.

"5 დღეა, რაც ტაბულა უკრაინაშია და არანაირ არეულობაში, ცხადია, ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებთ. ტაბულას დაგეგმილი ჰქონდა ჟურნალისტის ხუთშაბათამდე დატოვება და საჭიროების შემთხვევაში მოხდებოდა მათი ჩანაცვლება. ჟურნალისტიც და ოპერატორიც არიან იმ განწყობაზე, რომ დარჩნენ უკრაინაში და იმუშაონ. საგულისხმოა ისიც, რომ იურიდიული ძალა ასეთ გაფრთხილებას არ აქვს. აქედან გამომდინარე, ისინი თამამად რჩებიან იქ, იმიტომ, რომ სამართლებრივად გამართლებული რომ იყოს მათი დეპორტაცია, ჟურნალისტმა და ოპერატორმა ხელი უნდა მოაწერონ დოკუმენტზე, რაც ამ სამსახურის წარმომადგენლებს არ წარუდგენიათ. როგორც დიმიტრისგან გავიგეთ, მათ მოიკითხეს რუსთავი 2-ის ჟურნალისტებიც. დიმიტრიმ უთხრა, რომ მათ შესახებ არაფერი იცოდა. შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, რომ მხოლოდ ტაბულას არ ეხება პრობლემა", - აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას უკავშირებს უშიშროების და საიმიგრაციო სამსახურის ასეთ ქმედებას, ტაბულას დირექტორმა უპასუხა - "მარჩიელობა რთულია, მე არ მინდა ვიმარჩიელო. თავისთავად შეიძლება, ტაბულა თვალში მოსახვედრი ყოფილიყო იმით, რომ თუ ჩართავთ ტაბულას, ნახავთ, რომ ლოგო არის უკრაინის დროშის ფერებში. ჩვენ მთელი ღამე ვაშუქებდით ვებ-სტრიმინგის მეშვეობით უკრაინის ქუჩებს. ჟურნალისტები მუშაობდნენ და კომენტარებს უკეთებდნენ იმ ამბებზე დაყრდნობით, რაც შემოდიოდა. შესაბამისად, შეიძლება ამიტომ გამოიწვია ტაბულამ ასეთი განსაკუთრებული რეაქცია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებიც მოიკითხეს, შეიძლება ვთქვათ, რომ, უბრალოდ, ჟურნალისტების გაყრა უნდათ ქვეყნიდან. შეიძლება, რამეს გეგმავენ და უნდათ, რომ ნაკლები ჟურნალისტი იყოს, მაგრამ ეს ხომ სისულელეა, ამას ხომ ვერ შეძლებენ. 21-ე საუკუნეში რამდენი ჟურნალისტიც არ უნდა დაარეპორტო, ყველა მოქალაქე ჟურნალისტია. ასე რომ, ვთვლი, რომ უფრო პანიკური ქმედებაა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და არა გააზრებული".

ტაბულას გადამღებ ჯგუფს უკრაინაში ორგანიზაციები გამოეხმაურნენ.

"ადგილზე გამოგვეხმაურა უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია - სამოქალაქო უფლებათა დაცვის ცენტრი. მათ შემოგვთავაზეს ადვოკატის დახმარება. დიმიტრის უკვე შეეხმიანენ კიდეც ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები. ასევე განცხადება გააკეთა უკრაინის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც სიტყვის თავისუფლებას კურირებს. მან თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლების უშიშროების სამსახურის გადაწყვეტილება იმით აიხსნება, რომ მათ ეშინიათ ობიექტური ინფორმაციის გასვლა ქვეყნიდან და გარკვეულწილად დაგმო ეს მოქმედება. ასევე რეპორტიორმა საზღვრების გარეშე აღნიშნულ ფაქტზე გულისწყრომა გამოხატა", - თქვა ჩერგოლეიშვილმა.

დღეს დილით ტაბულას გადამღებ ჯგუფს უკრაინის უშიშროების და საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს. როგორც ტაბულას ჟურნალისტი კიევიდან იტყობინება, მათ ზეპირი ფორმით აუხსნეს, რომ ქვეყანა ერთი დღის განმავლობაში უნდა დატოვონ და უკრაინაში შესვლა ეკრძალებათ - მასობრივ არეულობებში მონაწილეობის საბაბით. მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჟურნალისტებს ქვეყნიდან დეპორტით გამოუშვებენ.

ტაბულას რეპორტიორმა უკრაინის უშიშროების და საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებს სთხოვა წარმოედგინათ ის დადგენილება, რომლის მიხედვითაც მოსთხოვეს ქვეყნის დატოვება. დიმიტრი ავალიანს დოკუმენტი არ აჩვენეს, თუმცა, ზეპირი ფორმით უთხრეს უშიშროების სამსახურის 10 დეკემბრის დადგენილების ნომერი (N 54543).

კომენტარები