სასწრაფო სამედიცინო სამსახური

სერგეენკო: რაიონული სასწრაფოების მართვის უფლება სახელმწიფოს დაუბრუნდება

facebook.com/mohgovge

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მთავრობის დადგენილებით, დაფუძნდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი. მისი ფუნქცია რაიონული სასწრაფო დახმარებების მართვა იქნება. როგორც სერგეენკომ გუშინ თქვა, 2014 წლიდან, რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების მართვის უფლება კერძო სადაზღვევო კომპანიებს ჩამოერთმევა და სახელმწიფოს გადაეცემა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ცვლილების მიზეზი რეგიონებში შექმნილი პრობლემებია.

როგორც სერგეენკო ამბობს, სასწრაფო დახმარების მანქანები გამოძახების ადგილზე ხშირად საერთოდ არ მიდიან, ან - მიდიან, მაგრამ დიდი ხნის დაგვიანებით. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ახალი სამსახურის შექმნის შემდეგ, გამოძახებაზე გასვლა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიხედვით მოხდება.

„მთელი წლის განმავლობაში ვახორციელებდით მონიტორინგს, გვქონდა კერძო მმართველებთან მოლაპარაკების არაერთი მცდელობა, რათა თუნდაც მარტივი ტექნიკური საკითხების მოგვარება დაეწყოთ. მათი მხრიდან ერთი ასეთი მცდელობაც კი ვერ დავინახეთ. ამიტომ, გადავწყვიტეთ, სახელმწიფომ შეასრულოს თავისი მოვალეობა - უზრუნველყოს მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. სადაზღვევო კომპანიების მმართველობაში მყოფი (თბილისის გარდა) სასწრაფოები ეტაპობრივად კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნდება. ამ მიზნით სამინისტროში სპეციალური იურიდიული პირი იქმნება, რომელიც სასწრაფოებს მენეჯმენტს გაუწევს. სამომავლოდ დაგეგმილია სასწრაფო სამედიცინო მომსახურებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, გამოძახებაზე გასვლა მოხდება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიხედვით. ასევე, განხორციელდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებისა და მძღოლების გადამზადება“, - განაცხადა სერგეენკომ და განმარტა, რომ რაიონული სასწრაფოების ფუნქციონირებას სახელმწიფო ბიუჯეტი უზრუნველყოფს.

"არსებობს თავისებური სისტემა - ნახევარს უშუალოდ სახელმწიფო უხდის რაიონულ სასწრაფოებს, ნახევარი კი მიემართება კერძო სადაზღვევო კომპანიების გავლით, თუმცა ეს თანხაც სახელმწიფო ბიუჯეტის არის", - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება მოსახლეობისთვის უფასო დარჩება და მას კვლავ სახელმწიფო დააფინანსებს.

რაიონული სასწრაფო დახმარება ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინაც გააკრიტიკა. მისი თქმით, რაიონული სასწრაფო დახმარება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

"კრიტიკა შეეხება ყველა პარამეტრს. რაიონული სასწრაფო დახმარება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ვერც ავტოპარკით და ვერც ვერანაირი პარამეტრით. სახელმწიფო ასრულებს თავის ვალდებულებას და ზრუნავს იმაზე, რომ ეს სერვისები გამართულად მუშაობდეს. ამის ერთ-ერთი ნაწილია ავტოპარკის განახლება", - განაცხადა მინისტრმა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მენეჯმენტის სახელმწიფოსთვის გადაცემას ეთანხმება "ჩემი ოჯახის კლინიკის" ხელმძღვანელი. კლინიკა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას იმერეთის, სამეგრელოს, აჭარისა და კახეთის რეგიონებს უწევს.

"პროდუქტი, რაც გადმოგვცა თავის დროზე სახელმწიფომ, იყო ძალიან ცუდი ხარისხის. ამის შემდეგ კომპანიამ ინვესტიციები ჩადო, შეცვალა მანქანების გარკვეული ნაწილი, ბევრი მუშაობა ჩატარდა პერსონალთან, მაგრამ ეს არასაკმარისი აღმოჩნდა", - ამბობს "ჩემი ოჯახის კლინიკის" კლინიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვანო ბოკერია ტელეკომპანია იმედთან საუბარში.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მენეჯმენტის მართვა სახელმწიფომ კერძო კომპანიებს 2011 წელს გადასცა. 

კომენტარები