რელიგიური გაერთიანებები

სხვადასხვა კონფესიასთან სამართლებრივ ურთიერთობას კომისია დაარეგულირებს

პაატა ზაქარეიშვილი
people.ge

სხვადასხვა რელიგიურ გაერთიანებებთან სახელმწიფოს სამართლებრივ ურთიერთობას უწყებათაშორისი კომისია დაარეგულირებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა, რომლის დებულებაც დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა.

მთავრობის სხდომის შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა თქვა, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, სამართლებრივი ურთიერთობა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან აქვს და ეს საკონსტიტუციო ხელშეკრულებით რეგულირდება.

"სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან სახელმწიფოს არანაირი სამართლებრივი ბმა არ გააჩნია, რაც იწვევს ისეთ გაუგებრობებს, როგორიც არის მაგალითად – რამდენად კანონიერი თუ არაკანონიერია ამა თუ იმ საკულტო ნაგებობის მშენებლობა, საიდან იღებენ დაფინანსებას და ა.შ. სწორედ ამ საკითხების მოსაწესრიგებლად შეიქმნა ეს უწყებათაშორისი კომისია. ვფიქრობთ, ამ საკითხებს კომისია დაარეგულირებს და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებსაც წარადგენს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე", - თქვა ზაქარეიშვილმა.

უწყებათაშორისი კომისია სამინისტროების უმრავლესობას აერთიანებს.

კომენტარები