უკრაინა

უკრაინაში საპროტესტო აქციები გრძელდება

AP

უკრაინაში აქცია ევრომაიდანი მიმდინარეობს. ათასობით უკრაინელი კიევის ცენტრშია შეკრებილი და ხელისუფლების გადაწყვეტილებას უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით აპროტესტებს. სააგენტო როიტერის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები უკრაინის რადასგან გადაწყვეტილების შეცვლასა და ვილნიუსის სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას მოითხოვენ.

"მე არ მინდა რუსეთთან ყოფნა, მან ბევრი რამ გაგვიკეთა და გაგვიკეთებს მომავალში. სჯობია, ევროპასთან ვიყოთ, ან ვიყოთ ჩვენთვის" - თქვა აქციის მონაწილემ.

საპროტესტო აქციის პარალელურად, ნახევარი კილომეტრის დაშორებით, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდასაჭერი აქციაც იმართება.

"ჩვენ მოვედით აქ, რათა ევროპას ვუთხრათ, რომ გვინდა გაწევრიანება, თუმცა, არ გვინდა მკაცრი პირობები შეგვიქმნას. ჩვენ გვინდა ევროპის აშენება უკრაინაში, ვიცით, ეს როგორ გავაკეთოთ. ჩვენ გვინდა ხალხი დასაქმებული იყოს" - ამბობს იანუკოვიჩის მხარდასაჭერი აქციის მონაწილე.

საპროტესტო აქციას კიევში უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული მოსახლეობაც უერთდება. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი აქციებს არ შეწყვეტენ, ვიდრე ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

კომენტარები