საქართველოს საპატრიარქო

TDI: საპატრიარქოს უპასუხისმგებლო განცხადებამ შესაძლოა ძალადობამდე მიგვიყვანოს

TDI
TDI

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) საპატრიარქოს პრესმდივნის განცხადებას აფასებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის დღევანდელმა განცხადებამ, შესაძლოა ძალადობამდე მიგვიყვანოს.

”საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პრესმდივნი მიქაელ ბოტკოველი საპატრიარქოს სახელით ორგანიზაცია „იდენტობის" მიერ უსახლკარო პირებისათვის თავშესაფრის გახსნის ინიციატივას გამოეხმაურა. "ამ ორგანიზაციაში არის დაზიანებული და დაავადებული ხალხი, როგორ შეიძლება მათ ბავშვები ჩავაბაროთ?... ვინც ასეთი ადამიანების საქმიანობაში ქველმოქმედებას გამოიჩენს, ჩვენ არცერთ ადამიანს არ დავზოგავთ.... ეს არის საშინელი, ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს. ვფიქრობ, რომ მთელი საზოგადოება ეკლესიას გვერდით დაუდგება. ჩვენ აუცილებლად გავაპროტესტებთ ამ ამბავს", – განუცხადა „ტელეგრაფს" მიქაელ ბოტკოველმა.

ბოტკოველის განცხადება, გარდა იმისა, რომ შეურაცხყოფას აყენებს ორგანიზაცია იდენტობის წევრებს და ჰომოფობიურ ცრურწმენებს აღვივებს, პირდაპირ ემუქრება ყველას, ვინც უპატრონოთა თავშესაფარს დაეხმარება. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე თვის წინ საპატრიარქოს განცხადებას ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საეკლესიო პირების ხელმძღვანელობით ძალადობა მოჰყვა; არსებობს საფრთხე, რომ მსგავსმა უპასუხისმგებლო განცხადებამ იმავე შედეგამდე მიგვიყვანოს.

გარდა ამისა, გაკვირვებას იწვევს, რომ ეკლესია, რომელიც თითქოს ქველმოქმედებას და კაცთმოყვარეობას მხარს უნდა უჭერდეს, თავისი ავტორიტეტითა და მის ხელთ არსებული ყველა კანონიერი და უკანონო საშუალებით აპირებს უსახლკაროთა თავშესაფარის წინააღმდეგ გალაშქრებას.” - აცხადებს TDI.

კომენტარები