ახალი თაობა დემოკრატიული არჩევანის კვლევა

ნარმანია: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში შტატებს არ ვზრდით

დავით ნარმანია
RFE/RL

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში შტატების გაზრდა არ იგეგმება. ნარმანიამ ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ზურაბ ჭიაბერაშვილს უპასუხა, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში შტატები იზრდება და ქართული ოცნების აქტივისტებს ასაქმებენ.

"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ვიდრე ჩატარდებოდა, სოფლის რწმუნებულების შტატები მე არ გამიზრდია, წინა ხელისუფლებამ გააკეთა, რომ წინასაარჩევნო აქტივი ჰყოლოდათ. რამდენიმე ათასით გაიზარდა მაშინ შტატები, მათი ძირითადი ნაწილი მხოლოდ პარტიული დავალებების შემსრულებლები იყვნენ. ამ შემთხვევაში მსგავს რამეს ადგილი არ აქვს. დღეს 13 000-მდე მოხელე მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და ჩვენს მიერ შემოთავაზებული მოდელის მიხედვით, არათუ უნდა გაიზარდოს მათი რიცხვი, არამედ იგეგმება ოპტიმიზაცია და პირველ ეტაპზე, მათი რიცხვი 11 000-მდე შემცირდება", - თქვა დავით ნარმანიამ და აღნიშნა, რომ მომავალში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობებზე კონკურსის წესით დაინიშნებიან.  

"არ მაინტერესებს, რას ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი და რას ატყუებს საკუთარ ხალხს. რაც მათ გააკეთეს, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ამ შემთხვევაში, ხაზს ვუსვამ კახეთის რეაბილიტაციის პროექტს, სადაც თუ რამე სახის დარღვევები არსებობს, ყველა დარღვევა აღმოაჩინა ჩვენმა უწყებამ. მე ვიმედოვნებ, რომ ძალიან ბევრ მოხელეს პასუხის გაცემა მოუწევს ამ საკითხზე იმ მასალებიდან გამომდინარე, რაც მხოლოდ ჩვენ გვაქვს გადაგზავნილი საგამოძიებო ორგანოებში", - დასძინა დავით ნარმანიამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით კი, ორგანიზაცია ახალი თაობა დემოკრატიული არჩევანის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გამგეობაში შტატებს ხელოვნურად ზრდიან და ქართული ოცნების აქტივისტებს ასაქმებენ. მისი თქმით, მოქალაქეები თანამდებობებზე კონკურსის გარეშე, მხოლოდ პარტიული ნიშნით ინიშნებიან და საქართველოს ბიუჯეტს ქართული ოცნების მხარდამჭერების დასაქმება 15 მილიონი ლარი უჯდება.

კომენტარები