საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

სიჭინავა: რამდენიმე სერიოზული პროექტის განხორციელების შანსი გვაქვს

ზვიად სიჭინავა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე უეფას კომიტეტის სხდომაზე იმყოფებოდნენ.

ზვიად სიჭინავას განცხადებით, ეს მისი პრეზიდენტობის პერიოდში ყველაზე წარმატებული ვიზიტი იყო, სადაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე პროექტის განხორციელების შანსი გაჩნდა.

"ეს იყო სოციალური ვალდებულებებისა და Fair Play-ს კომიტეტის მორიგი სხდომა და ამის გარდა, ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრები უეფას მაღალ ეშელონებში. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ იმ ოთხი წლის განმავლობაში, რაც მე ფედერაციაში ვმუშაობ, ეს იყო ყველაზე ნაყოფიერი ვიზიტი და შეხვედრები. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ გაგვიჩნდა საქართველოში სამი ძალიან მაგარი პროექტის განხორციელების დიდი შანსი. ეს თემა უკვე დაიძრა და როგორც გითხარით, ძალიან სერიოზული პროექტებია. ამ ყველაფერს, უახლოეს დღეებში ჩვენ გავივლით სპორტის სამინისტროსთან და ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან, პროექტების მასშტაბურობიდან გამომდინარე, აუცილებელია სახელმწიფოს ჩართულობა. მოკლედ, ეს ყველაფერი დაეფუძნება სამკუთხედის პრინციპს - უეფა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სახელმწიფო. როცა ჩვენ აქ ამ ყველაფერს გავივლით, მერე კვლავ გვექნება უეფაში შეხვედრები, რომ ვუთხრათ, მზადაა თუ არა ჩვენი ქვეყანა განახორციელოს ასეთი გრანდიოზული პროექტები. ახლა მეტის თქმა არ მინდა და არც შემიძლია. როცა გვეცოდინება, რომ ყველანაირად მზად ვართ და სახელმწიფოსგან და უეფასგან სრული მხარდაჭერა გვაქვს, მაშინ ყველაფერზე ღიად ვისაუბრებთ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ვთვლი, რომ დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაუმტკიცა ევროპის საფეხბურთო ოჯახს და უეფას, რომ დიდი გამოწვევებისთვის მზად ვართ. ჩვენი ფედერაციისთვის ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა", - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

კომენტარები