მსჯავრდებულთა შეწყალება

პრეზიდენტმა რამდენიმე ყოფილი თანამდებობის პირი შეიწყალა

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თანამდებობის საბოლოოდ დატოვებამდე 250-მდე პირი შეიწყალა, რომელთა შორის არიან ბაჩო ახალაიას ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ძიმცეიშვილი, ზურაბ ადეიშვილის ძმა, კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე დავით ადეიშვილი და ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ყოფილი პოლიციელი მაიზერ ლიპარტელიანი.

შეწყალების შესახებ ინფორმაცია ტაბულას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, მათ გადაეცათ შეწყალებული მსჯავრდებულების სია და მათ შორის აღნიშნული პირების სახელები ნამდვილად არის.

ტაბულა შეეცადა დაკავშირებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და გაერკვია, რატომ მიიღო პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება, თუმცა, ამ ეტაპზე მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. აღნიშნულ განმარტებას ტაბულა მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

სასჯელაღსურლების სამინისტროს ცნობით, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 248 პირიდან 170 გათავისუფლდა სასჯელისგან, 56-ს გაუნახევრდა, 5-ს კი შეუმსუბუქდა სასჯელი.

ნიკოლოზ ძიმცეიშვილს ბრალი დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისება-გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედებოდა და ის იძებნებოდა. ასევე იძებნებოდა დავით ადეიშვილი, რომელიც ბრალდებული იყო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. საქმე ეხებოდა 2005 წელს კახეთის გუბერნატორის მოადგილედ მუშაობის პერიოდს.

კომენტარები