ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის გოგა ძველაიას მამამ სასჯელაღსრულების სამინისტრო დატოვა. სამინისტროში არასრულწლოვნის ერთდღიანი პატიმრობის პერიოდში ციხის კამერებით გადაღებული ფირებს აჩვენებდნენ. დავით ძველაიამ დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ დრომდე ნაჩვენებ ფირებში თავისი შვილი ვერ ამოიცნო.
"მაჩვენებენ ვიღაცის კადრებს, ვიღაცა დარბის, ჩემი შვილი კადრებში ვერ დავინახე, ფირებზე სხვა არის აღბეჭდილი", - განაცხადა გარდაცვლილის მამამ.
მას შემდეგ, რაც დავით ძველაიამ სასჯელაღსრულების სამინისტრო დატოვა, ვიდეომასალის ჩვენებაც შეწყდა. როგორც მიწვეულმა სპეციალისტმა კახა ჩიხლაძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, შეხვედრაზე ოჯახის ადვოკატის მიწვევით იმყოფებოდა. მას ციხის სათვალთვალო კამერით გადაღებული მასალის უწყვეტობა უნდა დაედასტურებინა. კახა ჩიხლაძე ამბობს, რომ ამ დრომდე ნანახი მასალა უწყვეტია. რაც შეეხება დავით ძველაიას განცხადებას, რომ ნანახ კადრებში შვილი ვერ ამოიცნო, ექსპერტის თქმით, აუცილებელია ფირს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ჩაუტარდეს, რომელიც გამოსახულებას შედარებით ადვილად აღსაქმელს გახდის. კახა ჩიხლაძის ინფორმაციით, დარბაზში აჩვენეს პატიმრის ციხეში შეყვანა, გადაადგილება და კიბის მეშვეობით საკნისკენ გადაადგილება.
ცნობისთვის, 16 წლის გოგა ძველაია ქუთაისის #2 დაწესებულებაში გარდაცვლილი იპოვეს. ის საპყრობილეში ერთი დღის მიყვანილი იყო. გამოძიების ვერსიით, არასრულწლოვანმა, რომელსაც გირაო ჰქონდა შეფარდებული, თავი მოიკლა. ოჯახს ოფიციალური ვერსიის არ სჯერა.