არჩევნები 2013

თავდაცვის სამინისტრო: არჩევნები შეიარაღებულ ძალებში შეუფერხებლად მიმდინარეობს

Facebook.com

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საარჩევნო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებმა ხმის მიცემა სხვადასხვა ბაზაზე დილის რვა საათიდან, საარჩევნო უბნების გახსნისთანავე დაიწყეს.

"თავდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად უწყობს ხელს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა საარჩევნო კანონმდებლობის არც ერთი მუხლი არ დაირღვეს. ყველა სამხედრო მოსამსახურეს შესაძლებლობა აქვს დაუბრკოლებლად გააკეთოს საკუთარი არჩევანი. პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს და სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე განთავსებულ სარჩევნო უბნებზე მიმდინარე საარჩევნო პროცესს ცესკოში აკრედიტებული ქართველი და საერთაშორისო დამკვირვებლები აკვირდებიან", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უპრეცენდენტოდ თავისუფალ გარემოში, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიმდინარეობს.

"სამხედრო მოსამსახურეთა მთლიანი შემადგენლობის მხოლოდ 30%-ს, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, საკუთარი მოქალაქეობრივი ვალის მოხდა სპეციალური სიების მეშვეობით მოუხდა. საქართველოს მასშტაბით, სამხედრო ნაწილებში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილია 16 საარჩევნო უბანი. საქართველოს შეიარაღებული ძალების დათხოვნაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები (70%) არჩევნებში მონაწილეობას რეგისტრაციის ადგილის მიხედვით იღებენ. ზოგიერთი სამხედრო ნაწილის მოსამსახურეები (მათი მცირერიცხოვნობიდან გამომდინარე), მიმაგრებულნი არიან ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი დისლოკაციის ადგილის მიხედვით 15 სხვადასხვა საარჩევნო უბანზე, რაც მათ საშუალებას აძლევს არჩევნებში მონაწილეობა სამხედრო ნაწილებთან გახსნილ უახლოეს საარჩევნო უბანზე სხვა ამომრჩევლებთან ერთად მიიღონ", - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

რაც შეეხება ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს, მათ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში საკუთარი არჩევანი ერთი კვირის წინ უკვე გააკეთეს. შედეგები ცნობილი გახდება საერთო არჩევნების კენჭისყრის დამთავრების შემდეგ.

საქართველოს მოსახლეობა დღეს რიგით მეოთხე პრეზიდენტს ირჩევს. არჩევნებში 23 კანდიდატი იყრის კენჭს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 3 741 საარჩევნო უბანი გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებს 65 საერთაშორისო და 60 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდება.

კომენტარები