სვეტიცხოვლობა

პრემიერი სვეტიცხოვლობას მცხეთელებს სიტყვით მიმართავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სადღესასწაულო საღვთო ლიტურგიას სვეტიცხოველში, წმინდა სინოდის წევრებთან ერთად ჩაატარებს. სვეტიცხოველში პრემიერსაც ელოდებიან, რომელიც მოგვიანებით, ცენტრალური მოედნიდან მცხეთელებს სიტყვით მიმართავს.

ქალაქში გადაადგილება შეზღუდულია. არაერთ ადგილზე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს. მცხეთაში შესვლა და გადაადგილება ავტომანქანებით შეზღუდულია. 

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს მცხეთაში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. ღონისძიებები მოიცავს სახალხო ზეიმს - მცხეთის ცენტრალურ ქუჩაზე  - ხალხური რეწვის, თექის, ფერწერის, გრაფიკის, მელქიორის, ვერცხლის, მინანქრის, ნახატების გამოფენა-გაყიდვას; სანდრო კანდელაკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე თაფლის ფესტივალს; მცხეთის რაიონული შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტს; ასევე, აღმაშენებლის ქუჩაზე გაიმართება საცირკო სანახაობა, სპორტული ღონისძიება - მკლავჭიდი, ჭადრაკი, ნარდი, მაგიდის ჩოგბურთი; სტადიონებზე - მინიფეხბურთი, ქართული ჭიდაობა და ფრენბურთი; "თეატრონის" მიმდებარე ტერიტორიაზე კი - კუთხური სამზარეულოს ფესტივალი.

საზეიმო გალაკონცერტის პირველ ნაწილს მცხეთის ვაჟთა ანსამბლი მცხეთა გახსნის. მეორე, ახალგაზრდულ ნაწილში კი მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიგ-ბენდი - გია მაჭარაშვილი, აკაკი ვაშალომიძე, თემო მაისაშვილი, ნუგზარ ორჯონიკიძე და სხვები, ასევე, სოლისტები ქეთი ორჯონიკიძე, თემურ საჯაია, გიორგი ძოწენიძე, გიორგი ჩიქოვანი, თეკლა კალმახელიძე, ნინი წიკლაური, ვერიკო მაცაბერიძე, ტატო გოდერძიშვილი.

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილ ღონისძიებებს საღამოს საზეიმო ფეიერვერკი და გალაკონცერტი დაასრულებს.

 

კომენტარები