ბაქრაძის წინასაარჩევნო შეხვედრა ბათუმში

ბაქრაძე: შეკითხვის დასმა შეურაცხყოფითა და ლანძღვა-გინებით არ ხდება

wikipedia.org

ყოველთვის მზად ვარ მოვუსმინო ნებისმიერ ადამიანს, ოღონდ შეკითხვის დასმა არ ხდება შეურაცხყოფით, პოლიციელებზე გადმოხტომითა და ლანძღვა-გინებით"  - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ბათუმში, საარჩევნო შეხვედრის დროს დაპატიმრებულების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

"არასდროს უკან არ დამიხევია ვინმესთან საუბარზე. ყოველთვის მზად ვარ მოვუსმინო ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც საკუთარი პრობლემის და უსამართლობის მოტანა უნდა ჩემამდე, თუმცა არსებობს ფორმა. პოლიციელებზე გადმოხტომით და ლანძღვით შეკითხვის დასმა არ ხდება" - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ დაპატიმრებულების შესახებ განაცხადა, ისინი ზონდერები არიან, რომელსაც ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ იყენებს.
"ამ ადამიანებისთვის დაპატიმრება ბუნებრივია, უცხო ხილი არ არის. ისინი კრიმინალები იყვნენ და იმიტომ ისხდნენ ციხეში. დღევანდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მათ პოლიტპატიმრების სტატუსი მიანიჭოს.  ისინი არიან ჩვეულებრივი ზონდერები, რომლებსაც ხელისუფლების რაღაც ნაწილი იყენებს "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ, რაც უსუსური მცდელობაა. ვერავინ შეუშლის პარტიას ხელს ჩაატაროს წინასაარჩევნო შეხვედრა და იბრძოლოს გამარჯვებისთვის" - აღნიშნა გიორგი კირთაძემ.

ბათუმში საარჩევნო შეხვედრაზე პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მერაბ გორგაძე, ჯემალ დუაძე და ჯიმშერ კურცხალიძე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო დააპატიმრეს. როგორც დაპატიმრებულებმა აღნიშნეს, ისინი დავით ბაქრაძესთან ახლოს მისვლას და შეკითხვების დასმას აპირებდნენ. 

კომენტარები