საქართველოს ნაკრები შერეულ ორთაბრძოლებში

მსოფლიოს ჩემპიონატის წინ MMA-ში საქართველოს ნაკრები დაფინანსების გარეშეა

შერეულ ორთაბრძოლებში საქართველოს ნაკრები
mixfight.ge

19 და 20 ოქტომბერს, სანქტ-პეტერბურგში, შერეულ ორთაბრძოლებში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება.

მსოფლიოს პირველობისთვის ემზადება, როგორც ამ სპორტის სახეობას შემოკლებით უწოდებენ, საქართველოს ემ ემ ეი-ს ნაკრები.

მსოფლიოს შერეულ ორთაბრძოლების ასოციაციის ვებ-გვერდის ცნობით, სანქტ-პეტერბურგში საქართველოს სახელით ექვსი სპორტსმენი გამოვა, თუმცა შანსი იმისა რომ ეს ასე არ მოხდეს საკმაოდ დიდია.

საქართველოს შერეული ორთაბრძოლების ფედერაციის პრეზიდენტის მამუკა მამულაშვილის განცხადებით, ფედერაციას არ გააჩნია საკმარისი სახსრები რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრების წევრების ტრანსპორტირებისა და ცხოვრების ხარჯები დაფაროს.

როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში აცხადებენ, ემ ემ ეი სპორტის პრიორიტეტულ სახეობებს არ მიეკუთვნება და საქართველოს ნაკრების დაფინანსება მოახლოვებული მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, დღის წესრიგში არ დგას.

"შეუძლებელია ქვეყანამ ყველა მსოფლიოს ჩემპიონატზე რაც კი სპორტის სახეობებია, დააფინანსოს. შესაბამისად ეს პრიორიტეტები მაღალი მიღწევების სპორტისათვის განსაზღვრული იქნება და პირველ რიგში ეს არის ოლიმპიური სახეობები. როდესაც ჯერ არ ტარდება ეროვნული ჩემპიონატები და მე არ მაქვს ამ შემთხხვევაში კონკრეტულად ამ ხალხზე საუბარი, მაგრამ პრეტენზიები არის ხოლმე, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ეს არ არის სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი," - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ.

მამუკა მამულაშვილის განცხადებით, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასამგზავრებელი თანხა დაახლოებით 5 ათას ლარს შეადგენს და იმ შემთხვევაში, თუ ფედერაცია ვერ მოახერხებს სახსრების მოძიებას, სპორტსმენები რადიკალური ზომების მიღებას გეგმავენ  

 "იმ შემთხვევაში თუ ვერ მივიღებთ დაფინანსებას, მოგვიწევს ალბათ კრედიტის აღება და ეროვნული ნაკრების ისე წაყვანა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ან უარეს შემთხვევაში შეიძლება გამოვიდეთ ტრანსფარანტებით მაგალითად რუსთაველის მეტროსთან და ვთხოვოთ ჩვენს გულშემატკივრებს, დაგვეხმარონ ეროვნული ნაკრების გამგზავრებაში," - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.

 

კომენტარები