თეატრი

თეატრების ახალი ცხოვრება და ახალი კანონის შედეგების მოლოდინში

სულ რამდენიმე კვირაა რაც კანონი პროფესიული თეატრების შესახებ ძალაში შევიდა. თუმცა კანონის ბოლომდე ასამუშავებლად სამი თვეა საჭირო და შემდეგ უკვე რეალურად გამოჩნდება მისი შედეგები თეატრების შემოქმედებით საქმიანობაზე. გარკვეული ცვლილებები თეატრებში უკვე მოხდა მანამ სანამ ჯერ კიდევ კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა. თანამდებობიდან გადადგა რუსთაველის თეატრის მმართველი ზაალ ჩიქობავა და ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელი დავით საყვარელიძე. მართალია თავად თეატრები ამას არ ადასტურებენ, მაგრამ მომავალმა კანონმა თავისი კორექტურა შეიტანა ხემძღვანელობის ცვლილებებში.

ახალი კანონის მიხედვით თეატრში პირველი პირი ხდება სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც განაგებს თეატრის როგორც შემოქმედებით ასევე სხვა საკადრო საკითხებს. იგია პასუხისმგებელი თეატრის სარეპერტუარო ნაწილზე. კანონი განსაზღვრავს: „სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს პროფესიით რეჟისორი ან არანაკლებ 3 წლის თეატრალური სახელოვნებო გამოცდილების მქონე პირი." ეს არის ძირითადი ცვლილება რაც კანონმა მოიტანა თეატრის მმართველობის სისტემაში. თუმცა ამავე დროს, ვინაიდან კანონი ეხება ყველა პროფესიულ თეატრს იგი შეეხო ბევრი თეატრის მოღვაწეობას რომელთა საქმიანობა აქამდე არ იყო ამ კანონით დარეგულირებული. ასეთი თეატრებია ანტრეპრიზები, რომელთაც არა ჰყავთ მუდმივმოქმედი დასი და მსახიობები დროებითი კონტრაქტებით სარგებლობენ. მანამდე კანონი თეატრების შესახებ მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტზე მყოფ თეატრებს ეხებოდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადები შემდეგ ეს უკვე მესამე კანონია თეატრების შესახებ. ბოლო კანონი ფაქტიურად აღადგენს პირველს იმ მუხლში რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელს პირველი პირის სტატუსს ანიჭებს. მმართველის თანამდებობა დირექტორის თანამდებობამ შეცვალა და სწორედ სამხატვრო ხელმძღვანელი წარადგენს დირექტორის კანდიდატურას. ორივე თანამდებობა კულტურის მინისტრის მიერ ინიშნება.

თეატრმცოდნე გიორგი ცქიტიშვილი, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ–სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი: „მე მოგახსენებთ ჩემს აზრს როგორც თეატრმცოდნე და როგორც ადამიანი რომელიც იცნობს კანონის პირველ ვარიანტს როცა იგი დამტკიცდა 1999 წელს. კანონი რა თქმა უნდა შეიცვალა და ცვლილება არსებითია. კანონი ფაქტიურად დაუბრუნდა პირველ სახეს თუმცა ბევრი სხვა ახალი ფაქტორიცაა გათვალისწინებული. პირველ კანონში ეწერა რომ თეატრში პირველი პირი არის ადამიანი, რომელიც ხემლძღვანელობს შემოქმედებას, ანუ სამხატვრო ხელმძრვანელი, რომელიც ქმნის სარეპერტუარო პოლიტიკას და ქმნის თეატრის სახეს. პირველი კანონის მიხედვით თეატრს მართავდა დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. ვარდების რევოლუციის შემდეგ თეატრის კანონი შეიცვალა, მოხდა სამხატვრო ხელმძღვანელის ნიველირება და ძირითადი ფუნქციები დაეკისრა დირექტორს. ამ შემთხვევაში სამხატვრო ხელმძღვანელი თეატრს შეიძლება ჰყოლოდა ან არა. ანუ მთავარი იყო მენეჯერი რომელიც თავად წყვეტდა რომელი რეჟისორი მოეწვია თეატრში. ამ კანონით დაბრუნდა სამხატვრო ხელმძღვანელი რაც დადებითი ფაქტორია და გაიმიჯნა ფუნქციები დირექტორსა და ხელმძღვანელს შორის: ამჟამად მთავარი პირი არის სამხატვრო ხელმძღვანელი და მხოლოდ მისი წარდგინებით ინიშნება დირექტორი. დასის ფორმირება და სხვა შემოქმედებით–ტექნიკური საკითხები რაც სპეციფიურია თეატრისათვის ეხება სამხატვრო ხელმძღვანელს, როცა დირექტორს აქვს ფინანსურ–ადმინისტრაციული ფუნქციები. მაგრამ ვინაიდან იურიდიულად თეატრში ხელმძღვანელი არის ერთი პირი დირექტორი ვალდებულია სამხატვრო ხელმძღვანელთან შეათანხმოს ყველა საკითხი. სამხატვრო ხელმძღვანელი ინიშნება კულტურის სამინისტროს მიერ იმ თეატრებში რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტზეა. მუნიციპალურ თეატრებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტები კანდიდატურას წარმოადგენენ კულტურის სამინისტროში და მინისტრი ამტკიცებს მას. სამხატვრო ხელმძღვანელი კი წარადგენს დირექტორის კანდიდატურას რომელიც ასევე ინიშნება კულტურის მინისტრის მიერ. ჩემი ინფორმაციით კულტურის სამინისტროში იქმნება ჯგუფი რომელიც შედგება მოწვეულ პროფესიონალთა გუნდისაგან და რომელიც კონსულტაციას გაუწევს სამინისტროს ამ გადაწყვეტილებების მიღებაში."

 მოჰყვა თუ არა კანონს აზრთა სხვადასხვაობა თეატრის კულუარებში?

გიორგი ცქიტიშვილი: „კანონპროექტის ავტორმა ნუკრი ქანთარიამ თეატრის მოღვაწეთა კავშირში მოაწყო შეხვედრა სპეციალისტებთან კანონის შესასწავლად. ჩვენ ჩვენი შესწორებები შევიტანეთ. იდეალური კანონი არ არსებობს, თუმცა გვქონდა სურვილი ბევრი დეტალი დაზუსტებულიყო, თუმცა ამ დეტალებს შემდგომ თეატრის წესდება არეგულირებს, რომელიც კულტურის სამინისტრომ უნდა დაამტკიცოს. ამ კანონს დიდი წინაღმდეგობა შეხვდა მსახიობების მხრიდან. მთელ მსოფლიოში ასეა და საქართველოც არ არის გამოკნაკლისი: არსებობს მუდმივი დაპირისპირება რეჟისორსა და მსახიობებს შორის. თუ ვინ იქნება ხელმძღვანელი ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მსახიობებისთვის. ეს ძველი თემაა და ეს მუდმივად იქნება. მსახიობს უნდა რომ რეჟისორი მხოლოდ დადგმით იყოს დაკავებული. ახლა თუმცა თავად მსახიობებიც დგამენ სპექტაკლებს და ეს გემოვნების საკითხია. ეს აქსიომაა: შესაძლოა იყო ბრწყინვალე მსახიობი მაგრამ ცუდი რეჟისორი. პირველსა და ახალ კანონში სამხატვრო ხელმძღვანელი ვალდებულია იყოს რეჟისორი, მაგრამ არის შემთხვევები როცა ამ თანამდებობაზე არის მხატვარი და ანი სხვა შემოქმედებითი პირი. თუ სამხატვრო ხელმძღვანელი არ არის რეჟისორი ის ვალდებულია თეატრში ჰყავდეს მთავარი რეჟისორი. საოპერო და მუსიკალურ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს დირიჟორი."

 რა გავლენას მოახდენს კანონი თეატრების შემოქმედებით საქმიანობაზე?

გიორგი ცქიტიშვილი: „ამ კანონმა ხელი უნდა შეუწყოს თეარტის შემოქმედებით მხარეს რადგან სამხატვრო ხელმძღვანელი განსაზღვრავს თეატრის შემოქმედებით სახეს. იგია მთავარი პირი თეატრში, ხოლო დირექტორი უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარეს. ჯერ შედეგებზე საუბარი ადრეა თუმცა კანონის სრულად ამოქმედების შემდეგ ცვლილებები გამოჩნდება."

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელმძღვანელობა გარდამავალ პერიოდში მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით აგრძელებს საქმიანობას მანამ სანამ კანონი სრულად არ ამოქმედდება. შესაძლო ცვილებები თეატრის შემოქმედებით საქმიანობაში ეკა მაზმიშვილის, თეატრის მმართველის მოვალეობის შემსრულებელის განცხადებით არ არის მოსალოდნელი.

 როგორ მიმდინარეობს თეატრის საქმიანობა გარდამავალ პერიოდში მანამ სანამ კანონი სრულად ამოქმედდება?

ეკა მაზმიშვილი: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი: „მე ამჟამად გახლავართ მოვალეობის შემსრულებელი შესაბამისად სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი არის ლევან წულაძე. ეს გაგრძელდება სამი თვის განმავლობაში. ამის შემდგომ სამხატვრო ხელმძღვანელი წარადგენს დირექტორის კანიდატურას და ვინ ეს ვინ იქნება ეს არ არის ჯერ ცნობილი. ამის შემდეგ კულტურის სამინისტრო ამტკიცებს მოცემულ კანდიდატს."

 თუ გამოიწვია კანონპროექტმა გაურვეული უთანხმოება და რამდენად ეთანხმებოდით მის ყველა პუნქტს?

ეკა მაზმიშვილი: „ეს კანონი არის გაცილებით უკეთესი ვიდრე იგი იყო ნოემბერში. მაშინ კულტურის სამინისტროს ინიციატივით მოეწყო მრგვალი მაგიდა სადაც მიიწვიეს თეატრების ხელმძღვანელები მომავალი კანონის განსახილველად. იმ კანონს სერიოზული პრობლემები ჰქონდა: განსაკუთრებით შემოქმედებითი საქმიანობის თვალსაზრისით ჩარჩოებში აქცევდა თეატრს. დღეს ერთადერთი რას სჭირდება თეატრს ეს არის შემოქმედებითი თავისუფლება. რას შეეხება სხვა პუნქტებს ჩემთვის არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მმართველის სახელი შეიცვლება დირექტორით თუ არა. მთავარია შინაარსი: თუ რა მოთხოვნები აქვს სახელმწიფოს თანამედროვე მენეჯერების მიმართ. რაც შეეხება სამხატვრო ხელმძღვანელს შემოქმედებითი თვალსაზრისით იგი უნდა იყოს თავისუფალი."

 რა ცვლილება შეიძლება მოყვეს კანონს შემოქმედებითი თვალსაზრისით და რა კომფორტი ან დისკომფორტი მოუტანა ახალმა კანონმა თეატრს?

ეკა მაზმიშვილი: „წესითა და რიგით შემოქმედებითი თვალსაზრისით კანონს არანაირი ცვლილება არ უნდა მოყვეს. ერთადერთი მე არ მესმის რატომ ინიშნება სამხატვრო ხელმძღვანელი ოთხი წლით. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ უბრალოდ ვადის განსაზღვრის საჭიროება არ არის ჩემთვის ნათელი. თუ სამხატვრო ხელმძღვანელი ვერ ასრულებს მოთხოვნებს მისი განთავისუფლების მექანიზმები არის, რომ ეს პუნქტი ვადაზე ადრე ამოქმედდეს. როცა ახალი ხელმძღვანელი მოდის თეატრში ოთხი წლის განმავლობაში მას ახალი კურსის გატარება გაუჭირდება. ჩემთვის ასევე გაუგებარია რატომ არის თეატრის მმართველის ნაცვლად დირექტორი. როგორც ცნობილია მმართველი აღარ არის პირველი პირი და პირველი პირია სამხატვრო ხელმძღვანელი. როგორც არ უნდა იყოს ეს კანონში ფორმულირებული სამხატვრო ხელმძღვანელი ყოველთვის პირველი პირია, სხვაგვარად შეუძლებელია. ჩემთვის ასევე გაუგებარია რატომ უნდა იყო დაკავებული სამხატვრო ხელმძღვანელი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებით. თუმცა კანონში წერია რომ მას შეუძლია გარკვეული უფლება მოვალეობების დელეგირება დირექტორის მიმართ, მაგრამ მთავარი არის ის რომ თეატრის დირექტორის მოვალეობები არის ცოტა და არა შესაბამისი. მე ვფიქრობ რომ ნებისმიერი თეატრის დირექტორი უნდა იყოს სამხატვრო ხელმძღვანელის სრული თანამოაზრე და მას არ ეხება მხოლოდ ადმინისტრაციულ, ფინანსური და ორგანიზაციული საკითხები. ჩემთვის ეს მიუღებელია. დირექტორის ფუნქციებია საერთაშორისო ურთიერთობების დამყარება და გაღრმავება, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის განვითარება და მათ მუშაობაზე პასუხისმგებლობა. ამავე დროს იგი ახდენს სხვადასხვა პროექტების ინიცირებას და რაც მთავარია იგი არის მიშვნელოვანი ფიგურა შემოქმედებით პროცესშიც. იგი ბრმად არ მიყვება სამხატვრო ხელმძღვანელს არამედ თავადაც იღებს გადაწყვეტილებებს თეატრის კურსის და მისი განვითარების შესახებ. თანამედროვე სამყაროს მართავენ მენეჯერები, შემოქმედებითად მოაზროვნე მენეჯერები. მე კანონში დირექტორის ყველა ამ ფუნქციას ვერ ვხედავ და ეს არ არის კარგად განსაზღვრული."

როგორც ავღნიშნეთ კანონი შეეხო იმ თეატრებსაც, რომელთა საქმიანობას არ რეგულირდებოდა კანონით თეატრების შესახებ. მათ შორისაა ილიაუნის თეატრი, რომელიც ილიას უნივერსიტეტის ფარგლებში არსებობს და მისი იურიდიული სტატუსია არაკომერციული იურიდიული პირი.

ილიაუნის თეატრის ხელმძღვანელი, ნატალია თვალჭრელიძე: „ადრე არსებობდა კანონი სახელწიფო თეატრების შესახებ, რომელიც შესაბამისად ეხებოდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ თეატრებს. ჩვენი თეატრი ცალკე არ არსებობს და იგი ილიაუნის ნაწილია ამიტომ ჩვენ კანონსგარეშე ვიყავით. ახალი კანონი ეხება ყველა პორფესიულ თეატრს შესაბამისად კანონის რაღაც წილი ჩვენც შეგვეხო. ეს დაკავშირებულია განმარტებებთან: ჩვენი თეატრი არის ანტრეპრიზა, ანუ ჩვენ ანტრეპრიზული პრინციპით ვმუშაობთ და ყველა სპექტაკლისათვის ვიწვევთ მსახიობებს, რომლებიც სხვდასხვა თეატრებში მუშაობენ. შესაბამისად კანონი განსაზღვრავს ანტრეპრიზას სტატუსს. სხვა პუნქტი ჩვენ არ გვეხება და ჩვენი საქმიანობა კერძო სამართლის კანონებით რეგულირდება."

კომენტარები