NDI-ის კვლევა

ნავარო: იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მაღალია

ლუის ნავარო. NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 26 სექტემბერს გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგების შესახებ, კომენტარი გააკეთა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ. მისი თქმით, ამ ეტაპზე იმის ვარაუდი, იქნება თუ არა მეორე ტური, შეუძლებელია, თუმცა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, ან უარს ამბობს პასუხზე, ძალიან დიდია - რამაც შეიძლება არჩევნების ბედი გადაწყვიტოს.

"ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ორჯერ უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებელით არის წარმოდგენილი, ვიდრე სხვა საპრეზიდენტო კანდიდატები. ამასთან, დავით ბაქრაძის პროცენტული მაჩვენებელი ორჯერ აღემატება სხვა ოპოზიციური კანდიდატების პროცენტულ მაჩვენებლებს. ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია ქართული ოცნება კვლავ რჩება ყველაზე პოპულარულად. ბიძინა ივანიშვილს როგორც პიროვნებას, ხოლო კოალიცია ქართულ ოცნებას, მოსახლეობა მათთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად ასახელებს. ასევე მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ძლიერი ოპოზიციური პარტიის არსებობა და უმეტესობა ასეთად ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს. ამ ეტაპზე შეუძლებელია ვივარაუდოთ, იქნება თუ არა ქვეყანაში მეორე ტური, რადგან იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ან უარს ამბობს პასუხის გაცემაზე, ჯამურად 26%-ია. ეს რიცხვი კი იმდენად დიდია, რომ შეიძლება გადაწყვიტოს როგორც არჩევნების შედეგები, ისე -იქნება თუ არა მეორე ტური", - განაცხადა ლუის ნავარომ.

კომენტარები