რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ფანჯიკიძე: რუსეთმა ადეკვატური საპასუხო ნაბიჯები გადმოდგა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის შეფასებით, რუსეთის მხრიდან ქართული მხარის საპასუხოდ გადმოდგმული ნაბიჯები - ადეკვატურია. თუმცა, როგორც ფანჯიკიძემ გადაცემა პოზიციაში განაცხადა,  საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში პოლიტიკური ცვლილება არ მომხდარა.

"ჩვენგან გადადგმული ნაბიჯების ადეკვატური ნაბიჯები რუსეთმა გადმოდგა. გვინდოდა ჩვენი პროდუქციის რუსეთის ბაზარზე შეტანა. რუსეთს რომ არ ჰქონოდა ამის სურვილი, რასაკვირველია, ეს არ მოხდებოდა. იგივე ეხება ტრანსპორტის საკითხებსაც. ვიზაზე კი სხვანაირად არის საქმე. ჩვენი მხრიდან, სრულიად უვიზო მიმოსვლაა რუსეთის მოქალაქეებისთვის. ჩვენთვისაც თუ შეღავათი იქნება, ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი. რუსეთის პოზიციაა, რომ სავიზო რეჟიმს ვერ გააუქმებენ მთლიანად. ჩვენი მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ იყო, წინა ხელისუფლებამ შემოიღო უვიზო მიმოსვლა. მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ, რომ ცალმხრივად ასე, 122 ქვეყანასთან გაუქმებულიყო უვიზო რეჟიმი და ჩვენ შესაბამისი ზომები გავატარეთ საერთო საემიგრაციო პოლიტიკის გატარებისას. ეს შევცვალეთ და მთელ რიგ ქვეყნებთან ასე აღარ არის", - განაცხადა  ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს თავისი წითელი ხაზები, რომელიც არასდროს გადაიხედება.

"პოლიტიკური ცვლილება, რასაკვირველია, არ მომხდარა. პოლიტიკური ცვლილებები არის ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში და არა კარასინ-აბაშიძის ფორმატში. ჩვენ ჩვენი წითელი ხაზები საკმაოდ მკაფიოდ ჩამოვაყალიბეთ მთლიანად საარჩევნო კამპანიის დროს და მას მერეც ძალიან ბევრჯერ და ამაში იგულისხმება ქვეყნის დეოკუპაცია, არაღიარების პოლიტიკა, რომელშიც ჩვენ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა მხარში გვიდგას და ასევე ის, რომ საქართველოს თავისუფალი არჩევანია -  რომელ ალიანსსა თუ კავშირს შეუერთდეს. ეს არ გადაიხედება. ეს არის გამოცხადებული, როგორც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ამ წითელ ხაზებს მიღმა რაც შესაძლებელია, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

კომენტარები