ოკუპირებული ტერიტორიები

ხოხ გაგლოითი: 18 სექტემბერს დაგეგმილი რეგულაციების ამოქმედება გადაწყვეტილია

RFE/RL

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის ფორმატში გამართული შეხვედრა დასრულდა. ოსური ჯგუფის ხელმძღვანელის ხოხ გაგლოითის განცხადებით, 18 სექტემბრისთვის დაგეგმილი რეგულაციების ამოქმედება გადაწყვეტილია. თუმცა, მისი თქმით, ტვირთების შეტანა მთლიანად არ შეიზღუდება და ეს ძირითადად სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას შეეხება. კერძოდ, 18 სექტემბრიდან ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები ვეღარ გადაადგილდებიან. გაგლოითის განმარტებით, ფეხით მოსიარულეებს მიეცემათ შესაძლებლობა, 50 კგ-მდე ტვირთი, ეს იქნება სასოფლო-სამეურნეო თუ სხვა პროდუქტები, გადაიტანონ ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე. იქ იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რითაც გადაადგილებას შეძლებენ.

ქართული მხარის განცხადებით კი, აღნიშნულ საკითხზე ოსური ჯგუფი აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო და დასმულ შეკითხვებს კონკრეტული პასუხები ვერ გასცა. 

დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს საჰაერო სივრცის კიდევ ერთხელ დარღვევის საკითხი. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის კახა ქემოკლიძის ცნობით, 11 სექტემბერს რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა - "მი 24"-მა დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე, რაც დღევანდელ შეხვედრაზე გააპროტესტეს. მისივე განცხადებით, საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს. ოსური ჯგუფის ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი კი, ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნევს იმ ფოტომასალას, რომელიც ქართულმა მხარემ დღევანდელ შეხვედრაზე წარმოადგინა. გაგლოითის განცხადებით, ფოტომასალაში წარმოდგენილია მოწმენდილ ცაზე ვერტმფრენის მანევრი, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებები არანაირად არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. 

ცნობისთვის, დაახლოებით ორი თვის წინ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, 2013 წლის 18 სექტემბრიდან საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, მოსაბრუნში, პერევსა და სინაგურში უკანონოდ შექმნილ გამშვებ პუნქტებში შეწყდება ყოველგვარი ტრანსპორტის გადაადგილება. ადგილობრივ მოსახლეობას ე.წ. საზღვრის გადაკვეთა ფეხით მოუწევს. ასევე, აიკრძალება ტვირთების გადაზიდვა. მკაცრად გაკონტროლდება პირადი ბარგის გადატანა, თითოეულ პირს 50 კგ-ის ოდენობის ტვირთის გადატანის უფლება ექნება. ხელბარგის ღირებულება კი, 65 ათას რუბლს არ უნდა აღემატებოდეს. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას ინფორმაციით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას ჟენევის მოლაპარაკებებზე განიხილავენ. 

 

კომენტარები