საქართველო-რუსეთის საზღვარი

საქართველო-რუსეთის საზღვარზე განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი გაიხსნა

საქართველო-რუსეთის საზღვრის ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი
ნოდარ ცხვირაშვილი / RFE/RL

საქართველო-რუსეთის საზღვარზე განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი" გაიხსნა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პუნქტის გახსნა თანხვედრაშია ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე გასვლასა და ქვეყნიდან საექსპორტო საქონლის ზრდასთან. სამინისტროს ცნობით, საბაჟო-გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციამდე მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობა დღეში 5 ათასს არ აღემატებოდა. ამჟამად კი, ეს რიცხვი 13 ათასამდეა გაზრდილი. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნა ხელს შეუწყობს ქართული ექსპორტის განვითარებას. მისივე თქმით, რუსეთიდან ტვირთი და მგზავრთა ნაკადი ძალიან დიდია და რუსეთის საბაჟო, ჯერჯერობით, სრულად ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რის გამოც რიგებია. ნოდარ ხადურმა იმედი გამოთქვა, რომ რუსული მხარე ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს.

"საქართველო არ არის სატრანზიტო ქვეყანა მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთზე, საქართველო არის ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორი. სამწუხაროდ, დღეს ეს არის ერთადერთი, მაგრამ ძალიან სერიოზული პუნქტი იმისთვის, რომ საქართველომ საავტომობილო გადაზიდვებით ეს სერიოზული ფუნქცია შეასრულოს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა. 

შემოსავლების სამსახურის უფროსის ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით კი, საბაჟო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგის" მშენებლობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი საპროექტო ღირებულება დაახლოებით 10 მლნ. ლარს შეადგენს. მისივე ინფორმაციით, პუნქტი აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით. როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, ამ დროისთვის მშენებლობა მიმდინარეობს საქართველოს ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და 2014 წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით ყველა პუნქტი შესაბამის სტანდარტში ჩაჯდება.

გარდა ამისა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განცხადებით, სამინისტრო რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ნეიტრალურ ტერიტორიაზე გზის შესაკეთებლად საპროექტო სამუშაოებს იწყებს. მისი თქმით, გზა მძიმე მდგომარეობაშია და სამინისტრომ პროექტის მომზადება უკვე დაიწყო.

"ჩვენს საბაჟოსა და რუსეთის ფედერაციის საბაჟოს შორის არსებობს ნეიტრალური ტერიტორია, რომელზეც გასაკეთებელია გზა. ის ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. აქედან გამომდინარე, ჩვენ საპროექტო ორგანიზაციის მეშვეობით უკვე დავიწყეთ პროექტის მომზადება. როგორც კი ის მზად იქნება, კილომეტრნახევრიან მონაკვეთს ჩვენი მხრიდან აუცილებლად გავაკეთებთ. ვვარაუდობთ, რომ ეს ოქტომბერში მოხდება. მანამდე პროექტი დაიდება სრული მოცულობით. აღნიშნულ სამუშაოებს შეასრულებს სახელმწიფო კომპანია, რომელიც კობი-გუდაურის გზაზე მუშაობს", - განაცხადა დავით ნარმანიამ და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ზედმეტი დანახარჯის გარეშე აქვს გზის ამ მონაკვეთის გაკეთების შესაძლებლობა.

 

კომენტარები