ადგილობრივი თვითმმართველობა

ირმა ნადირაშვილი: მამუკა მიქავას დაკავება თვითმმართველობებზე ზეწოლაა

news.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დაკავებას თვითმმართველობებზე ზეწოლად აფასებს.  დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესებზე რეაგირება სთხოვა. ნადირაშვილის განცხადებით, ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მარტვილის საკრებულოსა და გამგეობაში.

"მარტვილის რაიონი იმ რამდენიმე რაიონის რიცხვშია, სადაც ძალოვანი სტრუქტურების 10-თვიანი ზეწოლის მიუხედავად ვერ მოხერხდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების გადაბირება ან თანამდებობებიდან გათავისუფლება. ამ ხნის განმავლობაში ეს ადამიანები მუდმივ რეჟიმში დადიოდნენ დაკითხვებზე. ზოგიერთი მათგანი 7-ჯერ, 8-ჯერ, 10-ჯერ დაკითხეს. ერთ-ერთი მათგანი, მარტვილის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი ლევან თოფურია დაკითხვაზე 30-ჯერ იმყოფებოდა. როგორც ჩანს, ხელისუფლება ახალ, უფრო მკაცრ რეაგირებაზე გადავიდა და საკუთარ კაბინეტში დააკავეს მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მიქავა. მას ბრალი სრულიად აბსურდულ საკითხზე - კერძოდ, მიწის ნაკვეთის გასხვისებასა და ქრთამის აღებაში დაადანაშაულა. ეს სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ყველა იმ რაიონში (მარტვილი, ვანი, ონი), სადაც ჯერ კიდევ თანამდებობას ინარჩუნებენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ნებისმიერი მეთოდით, კანონის სრული უგულებელყოფით, მოხდეს მათი თანამდებობებიდან და საარჩევნო კამპანიიდან ჩამოცილება", - განაცხადა ნადირაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც პრემიერი ივანიშვილი ყველა საჯარო გამოსვლაში აფიქსირებს, რომ თითოეულ კანდიდატს თანაბარ საარჩევნო პირობებს შეუქმნის.

"ეს ხდება იმ დღეს, როდესაც იუსტიციის მინისტრი ხელს აწერს მემორანდუმს გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფის შესახებ. მივმართავთ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს -  გააძლიერონ მონიტორინგი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება აღნიშნულ ფაქტებზე", - აღნიშნა დეპუტატმა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბორის (მამუკა) მიქავა ქრთამის აღების ბრალდებით გუშინ დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მიქავამ, მარტვილის რაიონში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ე.წ. "კანიონის" ტერიტორიაზე მდებარე 2500 კვ/მ ფართობის მიწის მასივის გასხვისებაში თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დახმარებისა და სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით აიღო 5000 ლარი. ასევე, მიწის შეძენით დაინტერესებულ პირს დაპირდა, რომ გაუწევდა სამსახურებრივ მფარველობას და მისცემდა საშუალებას ზემოხსენებულ ტერიტორიაზე მშენებლობა დაეწყო კანონით სავალდებულო სამშენებლო ნებართვისა და პროექტის დამტკიცებამდე. შსს-ს მტკიცებით, მიქავა ფაქტზე დააკავეს.

 

კომენტარები