"დღეს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები ნდობას არ იმსახურებს და ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების რეალურ სურათს არ ასახავს, სიმართლეს არ შეესაბამება", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ სტატისტიკის ეროვნული ბიუროსთვის მიწოდებული ინფორმაცია მოიცავს მხოლოდ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მონაცემებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დანაშაულს სრულად ითვლის. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული იქნა 7 თვის სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვით, 2013 წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 4126 ერთეულით იკლო, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაორმაგებულია და 53,3%-ს შეადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "დანაშაულის კლება და გახსნის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა", ადასტურებს იმას, რომ "პოლიცია არის მოტივირებული და ეფექტურად მუშაობს". სამინისტრო მოუწოდებს ყველას, მათ შორის პრეზიდენტს, არასწორი ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან თავი შეიკავონ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 19 აგვისტოს, განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია დანაშაულზე "არანაირ ნდობას არ იმსახურებს".
"მე პირადად პირველად მრავალი წლის განმავლობაში მიხდება ამის კონსტანტირება, სამწუხაროდ, აღდგა შევარდნაძის ტრადიცია, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დანაშაულის სტატისტიკას ჩვენ აღარ უნდა ვენდოთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა და იქვე განმარტა, რომ დანაშაულის ზრდის ტენდენციას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ პოლიციის მიერ "გაფილტული და გაყალბებული" მონაცემები არ ემთხვევა პროკურატურის მიერ წარმოებულ სტატისტიკას.





