იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის გენერალური ინსპექციები გაიყო

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ფუნქციები შეიცვალა, ხოლო მთავარ პროკურატურაში ახალი გენერალური ინსპექცია შეიქმნა. სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს გენინსპექცია იუსტიციის მინისტრს, ხოლო მთავარი პროკურატურის გენინსპექცია მთავარ პროკურორს დაექვემდებარება.

"ამიერიდან, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ამოწმებს თუ რამდენად ეფექტურად არის დაცული კანონის მოთხოვნები საკუთრივ სამინისტროსა და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების (იუსტიციის სახლი, საჯარო რეესტრი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, აღსრულების ეროვნული ბიურო, ეროვნული არქივი, ნოტარიუსთა პალატა, საკანონმდებლო მაცნე, დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრი, სმართ ლოჯიქი, მონაცემთა გაცვლის სააგენტო, იუსტიციის სასწავლო ცენტრი) თანამშრომლების მხრიდან - მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით", - აცხადებენ უწყებაში.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს გენერალური ინსპექცია უზრუნველყოფს ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენასაც. 

მთავარ პროკურატურაში შექმნილი გენინსპექცია კი ამ უწყების თანამშრომელთა საქმიანობას გაუწევს მონიტორინგს. 

 

კომენტარები