ევროპა ლიგა

დღეს, ჩიხურა და დილა ევროპა ლიგის განმეორებით მატჩებს გამართავენ

ჩიხურა-ვადუცი
www.fcvaduz.li

დღეს, ოლბორგში, გორის დილა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ადგილობრივ გუნდს დაუპირისპირდება. პირველ მატჩში, გორელებმა ოლბორგი სოლიდური სხვაობით - 3:0 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი, მნიშვნელოვნად გაიზარდეს.

გიორგი დევდარიანის გუნდს ტრავმის გამო ალექსანდრე კვახაძე ვერ დაეხმარება, დანარჩენი ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. ოლბორგის ვებგვერდზე, გუნდის მთავარი მწვრთნელის, კენტ ნილსენის კომენტარი გამოქვეყნდა.

"დილასთან პირველი მატჩი ჩვენთვის ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო, განსაკუთრებით იმის გამო, რომ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. საკუთარი თავი ძალიან რთულ სიტუაციაში ჩავაყენეთ. 

მდგომარეობის გამოსწორების მცირე შანსი შეგვრჩა, რის გამოყენებასაც ყველანაირად ვეცდებით და ამას ძალიან აგრესიული თამაშით თუ მოვახერხებთ. 

ამ მატჩს სულმოუთქმელად ველით არა მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავის გვჯერა, არამედ იმიტომაც, რომ ოლბორგის მომდევნო ეტაპზე გასვლა დიდი სიურპრიზი იქნება", - განაცხადა კენტ ნილსენმა.

მატჩი დილასა და ოლბორგს შორის, თბილისის დროით 22:15 სთ-ზე დაიწყება.

დღესვე, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპა ლიგის მატჩს ჩიხურაც გამართავს. საჩხერული კლუბის მეტოქე, შვეიცარიული თუნი იქნება. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა შვეიცარიაში, თუნის გამარჯვებით, ანგარიშით - 2:0 დასრულდა.

საჩხერის ჩიხურა ევროტურნირებზე დებიუტანტია და ის, რომ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლიხტენშტაინის ვადუცი დაამარცხა, გუნდისთვის ესეც დიდი მიღწევაა. მოახლოებული დაპირისპირების წინ, ჩიხურას მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ კომენტარი გააკეთა.

"მეტოქე გამოცდილი გუნდია, ევროტურნირებზე უთამაშია და პირველ მატჩში ამანაც თავისი როლი ითამაშა. თუმცა შვეიცარიაში დიდი იყო შანსი, რომ მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დაგვესრულებინა ან ფრისთვის მაინც მიგვეღწია. 

სამწუხაროდ, მომენტების რეალიზება ვერ მოვახერხეთ. არადა, წინამძღვრიშვილს ორი 100-პროცენტიანი შანსი ჰქონდა. 

ვაღიარებ, რომ სისწრაფეში გვაჯობეს. მეტოქეს ორი-სამი შემოქმედი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც ინდივიდუალურად კარგად თამაშობენ. რომ არა ისინი და მეტოქის მეტი გამოცდილება, თუნი დაახლოებით ვადუცის დონის კლუბი იქნებოდა", - განაცხადა სოსო ფრუიძემ.

მატჩი ჩიხურასა და თუნს შორის, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 სთ-ზე დაიწყება.

კომენტარები