ფეხბურთი

ახალი ევროპული სამწვრთნელო რუკა

ყველა წამყვან ევროპულ ქვეყანაში დასრულდა საფეხბურთო სეზონი. დადგა შედეგების შეჯამების და ახალი გეგმების შედგენის დრო. გაიხსნა სატრანსფერო ფანჯარა. მოკლედ, ძალიან საინტერესო პერიოდი იწყება.

დღევანდელ წერილში საუბარი გვექნება სამწვრთნელო გადაადგილებებზე. თან, ამ ფონზე, შევეცდებით განვლილი საფეხბურთო წელიწადიც მიმოვიხილოთ და წინასამუნდიალო სეზონის კონტურებიც მოვხაზოთ.

საქმის გასაადვილებლად, ალბათ უმჯობესია, ევროპული ფეხბურთის ხუთ წამყვან პირველობას გადავავლოთ თვალი.

ჰეინკესი – გვარდიოლა

ევროპული სეზონის შედეგების გათვალისწინებით, საუბარს გერმანიის ბუნდესლიგით დავიწყებთ.

სექტემბერში ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სამაისოდ ჩემპიონთა ლიგის ლონდონური ფინალი გერმანული გუნდების საშინაო გარჩევად გადაიქცეოდა. ვიღაცამ ენამოსწრებულად იხუმრა კიდეც – ამ დღეს უინსტონ ჩერჩილი რომ მოსწრებოდა, უთუოდ ინფარქტი დაარტყამდაო!

მიუნხენის ბაიერნის ფანტასტიკური შედეგების და, რაც მთავარია, იუპ ჰეინკესის მიერ დაყენებული მძლავრი სტილის წყალობით, რეკორდმაისტერმა ყველა ის ტურნირი მოიგო, სადაც კი მონაწილეობდა! თანაც ისე, რომ საბოლოო წარმატებაში სკეპტიკოსებისთვის არც ერთ ეტაპზე ეჭვის გაჩენის საფუძველი არ მიუცია. ჩემპიონატში დორტმუნდის ბორუსიას 25 ქულით გაუსწრო და ბოლო 2 წლის ყველაზე უხერხული მეტოქე ჯერ გერმანიის თასის გათამაშებიდან ჩამოიშორა, ბოლოს კი ჩემპიონთა თასიც ცხვირწინ ააცალა!

და რა?! კლუბის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა და მისმა ვიცემ, კარლ ჰაინც რუმენიგემ ტრიუმფატორ მწვრთნელს დიდი მადლობა გადაუხადეს, გამოსამშვიდობელ პრესკონფერენციაზე რაღაც წარწერიანი ხის ყუთი უსახსოვრეს და თანამდებობა დაატოვებინეს! ასეთი ალოგიკური გადაწყვეტილება ალბათ მსოფლიო ფეხბურთს არ ახსოვს! თუმცა, თავად ჰაინკესის ბიოგრაფიაში მსგავსი უმადურობა პირველი როდია – 1998 წელს მადრიდის რეალმა მისი ხელმძღვანელობით 1-0 დაამარცხა ტურინის იუვენტუსი და 33-წლიანი პაუზის მერე დაიბრუნა ჩემპიონთა თასი. სიბელესის მოედანზე გამართული ზეიმის დამთავრებისთანავე გერმანელს ჩემოდნების ჩალაგება უბრძანეს – შიდა ფრონტზე მთლად დამაჯერებელი ვერ იყავიო!

თვის ბოლოს მიუნხენში პეპ გვარდიოლას ერა იწყება. მართალი გითხრათ, კატალონიელი დიდად შესაშურ მდგომარეობაში არაა: ჯერ ერთი, ჰეინკესის დანატოვარს შენარჩუნება და გამყარება უნდა – ზაფხულში ბაიერნს გერმანიისა და ევროპის (აქ მას მოურინიოს ჩელსისთან ურთულესი დუელი ელის) სუპერთასები აქვს მოსაგები, შემოდგომაზე კი საკლუბო მსოფლიო პირველობა; მეორე და უმთავრესი კი ისაა, რომ კაცმა არ იცის, რამდენად მოერგება გერმანულ კლუბს გვარდიოლასეული ტიკი-ტაკა – სხვა სათამაშო ტაქტიკა კი ბარსას ექსთავკაცის არსენალში ჯერ არავის შეუმჩნევია...

ასე რომ, დასასვენებლად წასულ დონ იუპს შეუძლია მშვიდად დაელოდოს მოვლენათა განვითარებას და გულში ჩადებული შურისძიების ასრულებას.

ფერგიუსონი – მოიესი

რაოდენობრივად ყველაზე მეტი ცვლილება პრემიერლიგაში განხორციელდა. უმთავრესი მოვლენა, რაღა თქმა უნდა, მანჩესტერ იუნაიტედიდან სერ ალექს ფერგიუსონის აბარგებაა. ყველაფრის მომგებმა წითელცხვირა შოტლანდიელმა მეოთხედსაუკუნოვანი მოღვაწეობა მორიგი საჩემპიონო ტიტულით დაასრულა, ოლდ ტრაფორდის ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრების მადლიერ ცრემლს თავისიც გაურია და სახლში მისვლამდე მრავალნატანჯი საღეჭის რეზინიც კი სარეკორდო ფასად გაყიდა აუქციონზე – ამ კაცზე მართალს ამბობდნენ – რასაც კი შეეხო, ყველაფერი ოქროდ აქციაო!

ვფიქრობ, თანამემამულე დევიდ მოიესის მემკვიდრედ დანიშვნაც იმიტომ გადაწყვიტა, რომ საფეხბურთო სამყაროსთვის მალევე შეეხსენებინა საკუთარი გენიალურობა. თავად განსაჯეთ – გვარდიოლას მსგავსად, მოიესსაც წელსვე მართებს ტიტულების მოპოვება. თუ ამას მოახერხებს, სპეციალისტთა უმეტესობა ყველაფერს ფერგიუსონის ეპოქის ინერციით ახსნის, ხოლო თუ იუნაიტედმა სადმე წაიფორხილა, კრიტიკოსები მაშინვე აყაყანდებიან მის დაბალ კვალიფიკაციაზე!

კეპსისს ზრდის მოიესის დაძაბული ურთიერთობა უეინ რუნისთან, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ ევერტონის პერიოდიდან იღებს. მაშინ ფეხბურთელი მწვრთნელს ღიად ადანაშაულებდა მისდამი შურში, იუნაიტედში ტრანსფერსაც გაუსაძლისი სიტუაციით ხსნიდა და თავის ავტობიოგრაფიაშიც გვარიანად გალანძღა ამჟამინდელი თავკაცი. ვალში არც მოიესი დარჩენილა – სასამართლოში იჩივლა და რუნისაც და მისი წიგნის გამომცემლებსაც ჯარიმა დააკისრა.

ახლა რუნი ისევ ყინჩადაა. ტვიტერში მანჩესტერელობა იუარა, სამომავალსეზონოდ უპირობოდ ითხოვს ძირითად ცენტრფორვარდობას და არც ტრანსფერის შესახებ გავრცელებული ჭორების უარყოფას ჩქარობს.

მანჩინი – პელეგრინი

გაცილებით მშვიდად გამოეთხოვა მწვრთნელს მეორე მანჩესტერული გრანდი. სიტის არაბ მფლობელებს კარგა ხანია უნდოდათ რობერტო მანჩინის მოშორება. ჩემპიონთა ლიგაში განცდილი სირცხვილი (ჯგუფში ჩარჩენა) შარშანდელმა ჩემპიონობამ კი გააბათილა, მაგრამ სეზონის ბოლოს, გავარდნილ უიგანთან წაგებული სათასო ფინალი მეტისმეტი გამოდგა! სასწრაფოდ გადაწყდა მალაგიდან ჩილელი მანუელ პელეგრინის მოწვევა, რომელსაც კვალიფიკაციაც და შედეგებიც გაცილებით სტაბილური აქვს და ანდალუსიური კლუბის მეპატრონე არაბების ხუშტურების ასრულების გამოცდილებაც ზურგს უმაგრებს.

ჯერ უცნობია, სად წავა მანჩინი. სიტი აგრძელებს მისთვის ზღაპრული ხელფასის გადახდას და საჩქარო არაფერია. რობერტო კოლეგებს შორის ალბათ ყველაზე ბედიანი კაცია: ინტერში ერთი ტიტული აჩუქეს, მეორე იუვეს არყოფნაში მოიპოვა, ინგლისში კი ასობით მილიონის დახარჯვა მსაჯის დამატებულ დროში ბალოტელი-აგუეროს ერთმა შედეგიანმა შეტევამ „გააპრავებინა"!

ბენიტესი – მოურინიო

უმადურობა და თავმოყვარეობის დეფიციტი უმალ ჩელსისთან გადაგვამისამართებს. აბრამოვიჩი რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებითაა დაავადებული, არახალია. თავის დროზე ორგზის გაჩემპიონებული მოურინიო გაუყენა კონტინენტური ევროპის გზას – ჩემპიონთა ლიგაში ვერ იმარჯვებსო; მერე ამ ტურნირის ფინალში პენალტებით დამარცხებული ავრაამ გრანტი გააგდო; შარშან კი სენსაციური ტრიუმფის შემოქმედი და მისი ოცნების ამსრულებელი რობერტო დი მატეო შესწირა პრემიერლიგაში არასტაბილურ რეზულტატებს. თან როგორ?! კლუბის ოფისიდან ის ფოტოც კი მოახსნევინა, რომელზეც იტალიელი თასით ხელში იყო აღბეჭდილი. ფორმულირებაც სიტუაციის შესაფერისი მოიძებნა – დი მატეოს სხვა ფოტოც გვაქვს კედელზეო.

შუა სეზონში მხსნელად დაძახებულ რაფაელ ბენიტესს რა აღარ გადახდა – აქეთ ფანები ლანძღავდნენ – ლივერპულის ყოფილი თავკაცი როგორ მოგვიყვანეთო, იქით პრესა მისდგა – ზედმეტად პრაგმატულ ფეხბურთს თამაშობს და ლიგის საგზურის გარეშე დაგვტოვებსო. ყველა ერთხმად ამტკიცებდა – ამ კაცს მალე მოვიშორებთ და ისევ მოურინიოს დაგვინიშნავენო. ესპანელმა ყველაფერი მოითმინა, მესამე ადგილიც მოიპოვა, ზედ ევროპის ლიგაც მიაყოლა და თანაც ჩამოწერილი ფერნანდო ტორესიც გამოაცოცხლა! თითქოს მადლობის მეტი არაფერი ითქმოდა, მაგრამ ეს ხომ ჩელსია!

მე ვესწრებოდი ამსტერდამის ფინალს და როდესაც ტრიბუნებზე რუსი ოლიგარქი ვერ აღმოვაჩინე, დავრწმუნდი, რომ ბენიტესს მაინც მოუწევდა ახალი სამსახურის ძებნა, აბრამოვიჩი კი ისევ ერთადერთ და განუმეორებელ მოურინიოს დაუძახებდა.

ალბათ ამიტომაც დარჩა ამდენ ხანს ამსტერდამ არენას გაზონზე რაფაელ ბენიტესი. ბოლო ინგლისელი ფანის ტაშისცემაც მოისმინა, მერე ამაყად გადახედა დაცარიელებულ სტადიონს და წავიდა...

მაცარი – ბენიტესი

ესპანელი დიდხანს არ დარჩენილა უსაქმოდ. იგი უკვე ამზადებს ახალი სეზონისთვის ნაპოლის, რომელმაც თავისი კერპი ვალტერ მაცარი ინტერს დაუთმო.

აქ ძნელია, დიალექტიკის კანონები არ გაიხსენო. ბენიტესს ლონდონში ცვლის მოურინიო, რომელიც ინტერში შეცვალა ბენიტესმა, რომელიც ახლა ნაპოლიში ცვლის ინტერში წასულ მაცარის!!!

მოურინიო – ანჩელოტი

დასახელებული ტრიოდან ორს უკვე მივუჩინეთ ადგილი. გვრჩება მოურინიო. მისმა რეალმა წელს ყველაფერი წააგო: ჩემპიონატში 15 ქულით ჩამორჩა ბარსელონას, რაც სარეკორდო სხვაობაა ესპანური პრიმერას პირველ-მეორე ადგილოსნებს შორის; სამეფო თასის ფინალში საკუთარ სანტიაგო ბერნაბეუზე დამარცხდა თანაქალაქელ ატლეტიკოსთან, რომელსაც დავიწყებული ჰქონდა, როდის აჯობა უკანასკნელად რეალს; დაბოლოს, ჩემპიონთა ლიგაში პირწმინდად ჩააგდო გასვლითი მეოთხედფინალი დორტმუნდის ბორუსიასთან, რაც ტურნირიდან გამოვარდნად დაუჯდა. მე თვითონ ვარ რეალის თავგადაკლული გულშემატკივარი და ვერაფრით ვერ მივიღებ არგუმენტს, რომ შინ მადრიდელებს სულ ცოტა დააკლდათ სრულფასოვან რევანშამდე – ამას ჯგუფში იმავე დორტმუნდთან გამართულ ორ მოუგებელ შეხვედრაზე დაყრდნობით ვამბობ.

გასაკვირი არაა, რომ მარკას გამოკითხვით მადრიდელ გულშემატკივართა 78% პორტუგალიელის სამწლიან მოღვაწეობას უარყოფითად აფასებს; თანამემამულეებზე გაკეთებული გადამეტებული აქცენტი, გვარდიოლასთან პირწმინდად წაგებული დუელი (იშვიათი გამონათებებით), გუნდის ლიდერებთან გაფუჭებული ურთიერთობა და ბოლოს, ადგილობრივი სიმბოლოს, იკერ კასილასის მოძულება ნათლად ხსნის, რომ მოურინიო ვერ მოერგო მადრიდს, ვერც თავისი მაღალი კვალიფიკაცია წარმოაჩინა და ვერც ნოვატორული წიაღსვლები (მაგ: ადანი და დიეგო ლოპესი კასილასზე უკეთესი მეკარეები არიან!) დააჯერა ვინმეს.

ახლა ჟოზე სახლში დაბრუნდა, გაარკვია ურთიერთობა ბოსთან და უკვე მიიქცია ყურადღება ახალი კაპრიზით – მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების: ფერნადო ტორესისა და ხუან მატას ტრანსფერზე ჩამოაგდო სიტყვა, სანაცვლოდ კი სტევან იოვეტიჩს ითხოვს.

მადრიდში კი ელიან კარლიტო ანჩელოტის, რომელმაც მშვიდად მოიგო საფრანგეთის პირველობა და ახალი თავგადასავლების ძიებაშია.

წარმატებულ მწვრთნელთაგან ალბათ ღირდა ანტონიო კონტესა (იუვენტუსი) და დიეგო სიმეონეს (ატლეტიკო) ხსენება, მაგრამ ისინი თანამდებობებზე რჩებიან და ამ წერილის თემას ვერ ერგებიან. წარუმატებელთაგან, პირველ რიგში, თემურ ქეცბაია მახსენდება, მაგრამ ისიც რომ რჩება?!

კომენტარები