უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

კუბლაშვილი: სასამართლო ფინანსურად დამოუკიდებელი უნდა იყოს

ტაბულა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის განცხადებით, სასამართლოს ფინანსური დამოუკიდებლობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. ამის შესახებ კუბლაშვილმა პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"სასამართლო სისტემის ფინანსური დამოუკიდებლობა არის სასამართლოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი, ამიტომ ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ახლანდელი ოდენობა ხელფასების ნამდვილად არ შეესაბამება რეალობას და უნდა გაიზარდოს. მე იმედი მაქვს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში სწორედ გაზრდილი ხელფასების რაოდენობა აისახება", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, პრემიერი იძლევა გარანტიას, რომ სასამართლოზე ზეწოლა არ მოხდება.

"ის, რომ არავითარი ზეწოლა არ მოხდება სასამართლოზე, ბატონმა პრემიერმა არაერთხელ აღნინშა. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისათვის და, მეორე მხრივ, თავად მოსამართლეები უნდა დადგნენ იმ სიმაღლეზე, რომ მათი დამოუკიდებლობა ვერასდროს ვერავინ ვერ შებღალოს", - აღნიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

დღევანდელ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილმა და კოტე კუბლაშვილმა სასამართლო რეფორმასა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შესახებ ისაუბრეს. დღესვე კუბლაშვილმა პრემიერს იუსტიციის საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე წარუდგინა.

კომენტარები