ევროკავშირის სანქციები რუსეთს

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს – საგარეო ყულევის ნავთობქარხნის სანქცირებაზე

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოხატავენ წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანასთან დაკავშირებით. უწყების განცხადებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას "არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არა აქვს".

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

საქართველო სრულად ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სასანქციო რეჟიმს, ამ რეჟიმის კონტექსტს და იღებს ყველა ზომას, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. 

ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობა ეფუძნება გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპებს. 

ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შესაბამისი უწყებები მუდმივად უზრუნველყოფენ ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციისა და განმარტების დროულად მიწოდებას.

საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიან მუშაობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის მომზადების პროცესში, ქართულმა მხარემ ევროკომისიას წარუდგინა ამომწურავი ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანას არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არა აქვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ევროკომისიის შესაბამისი სამსახურები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილებით განსაზღვრული ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში იხელმძღვანელებენ სამართლიანობის პრინციპით და გადახედავენ გადაწყვეტილებას.

საქართველო კვლავაც მზად არის ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობისა და მათთვის ყველა საჭირო ინფორმაციის გაზიარებისათვის" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დამტკიცებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში EU-მ ტრანზაქციები აუკრძალა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რაც ძალაში ექვს თვეში შევა იმ შემთხვევაში, თუ ბლექ სი პეტროლიუმი (BSP) ევროკავშირთან აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს და რუსულ ნავთობს არარუსული წარმოშობის ნედლეულით არ ჩაანაცვლებს. 

აღსანიშნავია, რომ ივლისის დასაწყისში კომპანია ბლექ სი პეტროლიუმმა (BSP) განაცხადა, რომ 2026 წლის აგვისტო-სექტემბრიდან ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებაზე გადავა. 

კომპანიის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას "მაღალმარჟინალური ბაზრების კარს გაუხსნის". BSP-ს სტრატეგიული გეგმის თანახმად, კომპანია 2027 წლის პირველ კვარტალში შიდა და საექსპორტო ბაზრებისთვის საგზაო ბიტუმის წარმოებას დაიწყებს, ხოლო მეორე კვარტალში საწარმოს საავიაციო საწვავის წარმოების შესაძლებლობა გაუჩნდება.

ცნობისთვის, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა SOCAR-ის მიერ მართულ ყულევის პორტთან მდებარეობს. მიმდინარე წლის თებერვალში გავრცელდა ცნობები, რომ არსებობდა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტში საქართველოს ყულევის პორტის მოხვედრის ალბათობაც. 

მალევე მედიაში გავრცელებულ ცნობებს ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ პორტი სანქციების რეჟიმს არ არღვევს და დაამატა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირსაც მიაწოდეს. 

ამ ფონზე გაერთიანებულმა სამეფომ 24 თებერვალს დაასანქცირა გემი, რომელმაც 2025 წლის 2 ოქტომბერს ყულევის პორტში რუსული ნავთობი შემოიტანა. 

მოგვიანებით სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო'სალივანმა, მაკა ბოჭორიშვილისადმი მიწერილ წერილში განმარტა, რომ ყულევის პორტთან დაკავშირებით ქართული მხარისა და SOCAR-ის მიერ აღებული "პოზიტიური" ვალდებულებების შემდეგ, ევროკავშირმა პორტი სანქციების სიაში აღარ შეიყვანა. 

კომენტარები