ევროპა ლიგა

დღეს ჩიხურა და ტორპედო ევროპა ლიგის განმეორებით მატჩებს ჩაატარებენ

ჩიხურა-ვადუცი
www.fcvaduz.li

დღეს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრებს საჩხერის ჩიხურა და ტორპედო ქუთაისი გამართავენ.

4 ივლისს, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საჩხერელებმა ლიხტენშტაინის ვადუცს უმასპინძლეს და უინტერესო მატჩში ფრედ - 0:0 ითამაშეს. ბევრად რთულად აქვთ საპასუხო შეხვედრამდე საქმე ქუთაისელ ფეხბურთელებს - სლოვაკურმა ჟილინამ, ტორპედო საკუთარ კედლებში ანგარიშით - 0:3 გაანადგურა.

აღსანიშნავია, რომ საჩხერის ჩიხურა ევროტურნირებზე პირველად მონაწილეობს, მისი მოწინააღმდეგე ვადუცი კი დაუმარცხებელი გუნდი სულაც არ ჩანს, როგორც პირველ შეხვედრაში გამოჩნდა, ქართული და ლიხტენშტაინური გუნდების დონე ფაქტობრივად თანაბარია.

"ვადუცში სხვა გუნდი ვიქნებით. აქ მოსაგებად ჩამოვედით. პირველი მატჩი ჩვენთვის რთული გამოდგა, რადგან ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში პირველი სერიოზული თამაში გვქონდა. ფაქტობრივად, მოუმზადებლები ვიყავით. დღეს სხვა თამაში იქნება", - განაცხადა ჩიხურას მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ.

ტორპედოს დამრიგებლის ჟერარდ სარაგოსას კომენტარი არ გავრცელებულა, თუმცა, როგორც სლოვაკურ ვებგვერდებზე ვკითხულობთ, ჟილინას მწვრთნელი და ფეხბურთელები იმედიანად არიან. შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ მოედანზე 0-3 წაგების შემდეგ, ტორპედოს შემდეგ ეტაპზე გასვლა სასწაული იქნება.

ჩიხურას და ვადუცის შეხვედრა თბილისის დროით 21:00 სთ-ზე დაიწყება, ხოლო ჟილინა-ტორპედოს დაპირისპირება 19:30 სთ-ზე გაიმართება.

კომენტარები