საქართველო-ევროკავშირი

ფულე: სამიტზე საქართველო უნდა წარდგეს უფრო ძლიერი და არა სუსტი დემოკრატიით

dt.ua

"მნიშვნელოვანია, ყველამ გავიგოთ: ვილნიუსის სამიტზე წარმატებას განაპირობებს ის, რომ საქართველო სამიტზე წარდგეს როგორც უფრო ძლიერი და არა როგორც უფრო სუსტი დემოკრატიის ქვეყანა", - განაცხადა ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

"ვილნიუსის სამიტის მოლოდინი მაღალია. ვიმედოვნებთ, რომ ამ სამიტზე ხელი მოეწერება ასოცირების ხელშეკრულებას ჩვენს ერთ-ერთ პარტნიორთან - უკრაინასთან. ვიმედოვნებთ, რომ იმავე სამიტზე წამოვიწყებთ ანალოგიურ ხელშეკრულებას უფრო ღრმა თანამშრობლობის შესახებ. ორივე ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის ტრანსფორმაციისთვის ძლიერი ინსტრუმენტი პირველად იქნება გამოყენებული. რაც შეეხება მოლაპარაკებებს საქართველოსთან - ჩვენ პრეზიდენტთან განვიხილეთ პროგრესი და დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს კვირებში ის რამდენიმე საკითხი გადაწყდება, რაც ეკონომიკურ ინტეგრაციას ეხება და შეიქმნება შესაბამისი პირობები, რათა შეთანხმების ფარგლებში, უფრო აქტიურად წარიმართოს ეს მოლაპარაკებები", - განაცხადა ფულემ.

მისივე თქმით, ევროკავშირი კოაბიტაციის პროცესს დაკვირვებით ადევნებს თვალს:

"ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის, რათა აშენდეს წარმატებული საზოგადოება. ამ გარდამავალ ეტაპზე სწორედ ასეთი მიდგომაა საჭირო შედეგების მისაღებად", - მიიჩნევს ფულე.

ევროკომისარმა ასევე აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების პროცესი პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი უნდა იყოს და უდანაშაულობის პრეზუმფცია უაღესად მნიშვნელოვანია:

"იმისათვის, რომ საქართველოში გარდამავალი ნამდვილ წარმატებად იქცეს, ჯერ კიდევ გვჭირდება, დავინახოთ დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერება და საზოგადოების პოლარიზაციის თავიდან აცილების უფრო ღრმა მცდელობები.

ჩვენ ველით, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ვალდებულებებთან და ევროპულ ღირებულებებთან სრულ თანხვედრაში გაკეთდება და მართლმსაჯულების პროცესი იქნება სამართლიანი და პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი. რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს დაუსჯელობის სინდრომი. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს საქართველოში,  პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და თავი შეიკავონ მათი საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებისგან", - ამბობს ევროკომისარი.

"მე და პრეზიდენტმა კარგი შეხვედრა გავმართეთ და განვიხილეთ როგორც ევროკავშირისა და საქართველოს, ასევე გლობალური, რეგიონული საკითხები. ვისაუბრეთ საერთო ღირებულებებზე, რაც მოიცავს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპების სრულ პატივისცემას. მინდა გითხრათ ისიც, რომ ტემპი ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისა სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის. ნოემბრის სამიტის წარმატებას უზრუნველყოფს და ინტეგრაციის პროცესს დააჩქარებს სწორედ ის შესრულებული სამუშაოები, რომელიც სახეზეა", - განაცხადა შტეფან ფულემ.

 

კომენტარები