ევროპა ლიგა

ჩიხურამ და ტორპედომ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ცუდად დაიწყეს

ქუტაისის ტორპედოს გულშემატკივრები
sportall.ambebi.ge

უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, ქართული გუნდებისთვის წარუმატებლად დაიწყო. პირველ რიგში ეს ქუთაისის ტორპედოზე უნდა ითქვას, რადგან ქუთაისელები სლოვაკურ ჟილინასთან საკუთარ მოედანზე, 0:3 დამარცხდნენ და შეიძლება ითქვას, რომ ანგარიშთან ერთად, ნაჩვენები თამაშის გათვალისწინებით, მომავალ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგეს. საჩხერის ჩიხურა ევროტურნირებზე დებიუტანტია და ალბათ არც არავინ ითხოვდა ამ გუნდისგან ბევრს, მაგრამ სოსო ფრუიძის გუნდს იმდენად სუსტი მეტოქე შეხვდა ლიხტენშტაინის ვადუცის სახით, რომ გულშემატკივრებს გარკვეული იმედი ჩაესახათ.

მიხეილ მესხის სტადიონზე შეკრებილმა მცირერიცხოვანმა გულშემატკივარმა, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს საჩხერიდან ჩამოსული ქომაგები შეადგენდნენ, პირდაპირ რომ ვთქვათ, ძალიან დაბალი დონის ფეხბურთი იხილეს. ვადუცის თამაში თბილისში აქამდეც გვინახავს, როდესაც ევროტურნირებზე თბილისის დინამოს შეხვდა და შეიძლება ითქვას, რომ მას მერე ლიხტენშტაინერების ოსტატობის დონე არ გაზრდილა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, გოლის გატანის მნიშვნელოვანი შანსი არცერთ გუნდს არ ჰქონია, თუმცა შედარებით სახიფათო მომენტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მატჩი თანაბარი იყო. 0:0 - ასეთი ანგარიშით დასრულდა პირველი შეხვედრა და სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს სავსებით ლოგიკური შედეგია. პრესკონფერენციაზე ვადუცის მწვრთნელმა განაცხადა, რომ სტუმრად მიღწეული უგოლო ფრით კმაყოფილია და საკუთარ კედლებში უფრო შემტევ ფეხბურთს ითამაშებს. ვნახოთ როგორ დამთავრდება საპასუხო შეხვედრა ლიხტენშტაინში, თუმცა ფაქტია, რომ წყვილიდან რომელი გუნდიც არ უნდა გავიდეს, შემდეგ ეტაპზე შედარებით ძლიერ მეტოქესთან შედეგის მიღწევის შანსი მიზერულია.

ქუთაისში გულშემატკივრებით სავსე სტადიონზე, ტორპედოელები საშუალოზე დაბალ ევროპულ კლუბთან დამარცხდნენ. პრინციპში, არც ასეთი სცენარი უნდა ყოფილიყო ვინმესთვის გასაკვირი, რადგან გია გეგუჩაძის მწვრთნელობის დროს, ქუთაისური გუნდი ანგარიშგასაწევი ძალა იყო, ევროპა ლიგის მატჩამდე კი ტორპედოს შემადგენლობა გადახალისდა და ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და ჟილინას მაღალი ტემპი შესთავაზეს, თუმცა შეხვედრის ბოლომდე ასე გაგრძელება ვერ შეძლეს და საბოლოოდ, პირველ ტაიმში გაშვებულ ერთ გოლს, მეორე ნახევარში კიდევ ორი მიჰყვა. იმედია, გუშინ ტორპედოს რიგებში მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელები მომავალში წარმატებას მიაღწევენ, რადგან რამდენიმე მათგანი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც თამაშობს და პერსპექტიულადაც ითვლება. გუშინ კი, ჟილინას გამოცდილმა ფეხბურთელებმა ქართული ახალგაზრდული გუნდი დაამარცხეს და, სავარაუდოდ, შემდეგ ეტაპზე სწორედ სლოვაკები გავლენ.

ტორპედოსა და ჟილინას მატჩის შემდეგ, დაპირისპირება მოხდა გულშემატკივრებსა და სამართალდამცავებს შორის. ქუთაისელი ფანები, მთელი შეხვედრის განმავლობაში, ტორპედოს მფლობელი კომპანიის - ვისოლის საწინააღმდეგო შეძახილებით გამოირჩეოდნენ და მათი განცხადებით, სწორედ ამას მოჰყვა მათსა და სამართალდამცავებს შორის კონფლიქტი. მატჩის მსვლელობისას, სტადიონზე სპეცდანიშნულების რაზმის შეყვანაც გახდა საჭირო. როგორც რამდენიმე გულშემატკივარმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი ვისოლის მმართველების მიერ ტორპედოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით კმაყოფილები არიან, მაგრამ გუნდში მიმდინარე პროცესები და კონკრეტულად გია გეგუჩაძეს გუნდიდან გაშვება, მათ აღშფოთებას იწვევს.

მოკლედ, დიდი ალბათობით, ტორპედო ევროპა ლიგას დაემშვიდობება, ხოლო ჩიხურას შანსები, რომ გათამაშების მეორე ეტაპზე გავიდეს, მიზერულია, თუმცა თუ ეს ასე მოხდა, საჩხერული გუნდისთვის ესეც დიდი შედეგი იქნება.

შეგახსენებთ, რომ მესამე ქართული კლუბი ევროპა ლიგაზე პირველ შეხვედრას დანიური ოლბორგის წინააღმდეგ 18 ივლისს სახლში გამართავს, სტუმრად კი 25 ივლისს ითამაშებს. 

კომენტარები