ადგილობრივი თვითმმართველობა

უგულავა: მზად ვარ ვითანამშრომლო ნებისმიერი კონფიგურაციის საკრებულოსთან

თბილისის მერი მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერი კონფიგურაციის საკრებულოსთან, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს მისთვის. გიგი უგულავას კომენტარი საკრებულოსთან დაკავშირებით მის ოფიციალურ youtube გვერდზე გავრცელდა.

"მზად ვარ, როგორც თბილისის არჩეულმა მერმა, ვითანამშრომლო ნებისმიერი კონფიგურაციის საკრებულოსთან. თანამშრომლობის ეს სურვილი არაერთგზის გამომითქვამს. მიმაჩნია, რომ საკრებულოში ბრძოლის ხაზი უნდა გადიოდეს არა სკამებზე, არამედ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც თბილისელებს აქვთ. როგორი კონფიგურაციის იქნება საკრებულო, ეს მომდევნო ორი თვის განმავლობაში გაირკვევა, დაღვინდება, გადალაგდება და შემდეგ როგორიც იქნება, იმ ფორმის, იმ შემადგენლობის და იმ კონფიგურაციის საკრებულოსთან მექნება ურთიერთობა. რაც არ უნდა მძიმე და რთული იყოს, ჩვენ მოვალენი ვართ საერთო ენა გამოვნახოთ, იმიტომ რომ ამას მოითხოვს იმ პრობლემების მოგვარების აუცილებლობა, რომელიც თბილისელებს აქვთ. აქედან გამომდინარე, მე მზად ვარ თანამშრომლობისთვის, როგორც აქამდე ვიყავი თანამშრომლობისთვის", - განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები