ადგილობრივი თვითმმართველობა

თვითმმართველობის მაღალჩინოსნებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

kyivpost.com
დედაქალაქის თვითმმართველობის მაღალჩინოსნებს, რუსთავის რაიონული   სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღმკვეთი ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. 
 
აღნიშნული განაჩენის გამოცხადებამდე, მოსამართლემ გაითავლისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების პროცედურული დარღვევით დაკავების შესახებ, ისინი უკანონოდ დაპატიმრებულებად აღიარა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
 
სხდომა შესვენების შემდეგ 17:00 საათზე განახლდა და ცნობილი გახდა, რომ  ხუთივე ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 
 
სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილსის მერი, გიგი უგულავა უკანონოდ აფასებს და  სამართლებრივ მახინაციას უწოდებს. 
 
"რაც მოხდა იყო მოსალოდნელი, არანაირი საფუძველი იმისა რომ დღეს აქ ვყოფილიყავით არ იყო. როგორც ჩანს იყო გარკვეული ზეწოლა პროკურატურის მხრიდან, მე ამის მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ ამის საფუძვლიანი ეჭვი რა თქმა უნდა არსებობს" , - განაცხადა გიგი უგულავამ. 
 
მისივე თქმით, პროკურატურა ვალდებული იქნება, 20 ადამიანის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. 
 
შეგახსენებთ, 28 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით, თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი და მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე  დააკავა. 
 
მეხუთე ბრალდებული, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი საბანაძე, ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება. 

კომენტარები