ფარული ჩანაწერები

არასამთავრობოები ერთობლივად განმარტავენ, რატომ თქვეს უარი კადრების ნახვაზე

RFE/RL

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ერთობლივ განმარტებას აკეთებენ, თუ რა მიზეზებით განაცხადეს უარი გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების ნახვაზე. ისინი მიიჩნევენ, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი შეხვედრა უფრო მეტად საქმიან ხასიათს მიიღებდა.

"უმჯობესი იქნებოდა, თუ სამინისტრო წარმოადგენდა დასაბუთებულ ანალიტიკურ ანგარიშს აღნიშნული ვიდეოკადრების გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. საზოგადოებაში ისედაც არსებობდა ნდობა ამ კადრების ნამდვილობისა და მათში ასახული უმძიმესი დანაშაულების შესახებ, რაც, მათ შორის, დიპლომატიური კორპუსისთვის მათი ჩვენებით იქნა მიღწეული. საზოგადოებას 20 ივნისამდეც ჰქონდა ინფორმაცია მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების სისტემურობის შესახებ და მხოლოდ რამდენიმე ვიდეოკადრის ჩვენება (როგორც მოგვიანებით გაირკვა, შეხვედრაზე 2 შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა იყო ნაჩვენები) ამ პრობლემის მთლიანი სურათის დასანახად ისედაც არასაკმარისი იქნებოდა. კონკრეტული ვიდეოკადრების ავთენტურობისა და დანაშაულებთან მათი კავშირის დადგენა კონკრეტული საქმეების გამოძიების პროცესში უნდა მოხდეს და დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ ობიექტურ, სამართლიან შეფასებას უნდა დაექვემდებაროს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ შეხვედრის დასაწყისში მათი მოთხოვნის მიუხედავად, შინაგან საქმეთა მინისტრმა არ განმარტა აღნიშნული ვიდეოკადრების ამ ფორმით ჩვენების მიზანი. ამასთან, შეხვედრის ფორმატი შემუშავებული იყო იმგვარად, რომ ის არ იძლეოდა საქმიანი დისკუსიის წარმართვის შესაძლებლობას. "შეხვედრის დაწყებამდე ჩვენ აღვნიშნეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ ვიდეოკადრების ჩვენებამდე მინისტრი შეკრებილ საზოგადოებას მიაწვდიდა ინფორმაციას ვიდეომასალაში ასახული კადრების ხასიათის, სიმძიმის, რაოდენობის, ამ ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების მდგომარეობის, კონკრეტული პირებისთვის წარდგენილი ბრალის, მათ მიმართ გამოყენებული სამართლებრივი ღონისძიებების, დანაშაულებებში მაღალი თანამდებობის პირების სავარაუდო მონაწილეობის შესახებ. სამწუხაროდ, შეხვედრის მიზნებისა და ფორმატის თაობაზე ჩვენ მიერ დასმული შეკითხვები პასუხგაუცემელი დარჩა", - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციები ხაზს უსვამდნენ იმასაც, რომ მნიშვნელოვანი იყო მიეღოთ შესაბამისი გარანტიები, რომ ვიდეოკადრები საკმარისად დაფარული იყო და მინიმალურადაც კი არ იძლეოდა პირების იდენტიფიცირების შესაძლებლობას.

"ამგვარ გარანტიებს არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, მით უფრო იმ პირობებში, რომ შეხვედრის დამსწრე პირებს გააჩნდათ შესაბამისი ტექნიკა და ამ კადრების გადაღებისა და გავრცელების რისკები არსებობდა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კადრები რაიმე ფორმით შესაძლებელს გახდიდა წამების მსხვერპლების იდენტიფიცირებას, შეხვედრაზე შეკრებილი ასზე მეტი ადამიანისთვის მისი ჩვენება (და შემდგომში მისი სხვადასხვა ფორმით გავრცელების რისკი) დანაშაულის მსხვერპლებსა და მათი ოჯახის წევრებს დამატებით სულიერ ტანჯვის მიაყენებდა, რაც, ცხადია, წინააღმდგეგობაში მოვიდოდა მათ მიმართ სამართლიანობის აღდგენისა და მათი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მიზნებთან. ამგვარი გასაჯაროება დანაშაულის მსხვერპლებს დაუცველობის გრძნობას გაუჩენდა, რაც დამატებით ემოციურ ტრავმას მიაყენებდა მათ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციები იმედს იტოვებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალში სათანადო ფორმებს შეარჩევს აღნიშნული დანაშაულების გამოძიების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის და გააკეთებს ყველაფერს, რათა, ერთი მხრივ, ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს კანონის მთელი სიმკაცრით, ხოლო მეორე მხრივ, ყველა ადამიანის ღირსება და პირადი ცხოვრების უფლება სათანადოდ დაცული იქნეს.

კომენტარები