საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი შსს-ს განცხადებას სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავთან დაკავშირებით პოლიტიკურს უწოდებს.
"იმედი მაქვს, რომ შსს-ს პასუხები აქვს საზოგადოებაში წარმოშობილ კითხვებზე, რომელიც ზუგდიდში აღმოჩენილ იარაღსა და ვიდეომასალას უკავშირდება. მაგალითად, აქვს პასუხი, ეკეთა თუ არ ეკეთა ვინმეს, როდესაც არარეგისტრირებული იარაღის ამხელა არსენალის აღმოჩენა ხდება - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ გამოძიება პასუხს გასცემს ყველა კითხვას, თუმცა მე ვიტყოდი, რომ არასწორია განცხადება, რომელიც გააკეთა შსს-ს პრესსამსახურმა, ეს არის პოლიტიკური განცხადება, რასაც შსს-ს პრესმდივანი არ უნდა აკეთებდეს, რადგანაც ეს არის იმ ტიპის ვარაუდი, რომელიც უფრო მეტად პოლიტიკურია, ვიდრე სისხლის სამართლებრივი", - აცხადებს ხიდაშელი.
შეგახსენებთ, შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სამეგრელოში აღმოჩენილია წინა ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების ხელმძღვანელობით მიწის ქვეშ შენიღბულად მოწყობილი, სპეციალური კამუფლაჟით დაფარული სამალავები. სამინისტრო ირწმუნება, რომ მათში ნაპოვნია ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების, მათ შორის, დივერსიული საქმიანობის წარმოებისათვის გათვალისწინებული დიდი ოდენობით ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები, ხელყუმბარები, ავტომატური და სხვა ცეცხლსასროლი იარაღი, კავშირგაბმულობის საშუალებები, სამხედრო ამუნიცია, აგრეთვე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული ნივთიერებები, კერძოდ, ჰეროინი, კოკაინი, ოპიუმი, სუბუტექსი და სხვა.
"ჩხრეკისას ამოღებულია წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი იმ პირების ფოტოსურათებისა და პირადი მონაცემების შემცველი არქივი, რომელთა დაპატიმრებაც იგეგმებოდა სხვადასხვა გაყალბებული და ფალსიფიცირებული ბრალდებებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების შემთხვევაში. ნიშანდობლივია, რომ ცალკეული დოკუმენტები შედგენილია ხელით, რაც ქმნის მნიშვნელოვან მტკიცებულებით ბაზას დამნაშავე პირების სწრაფად იდენტიფიკაციისა და დაკავებისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.





