იუსტიციის სამინისტრო

საქართველოს 30 ათასი მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქეობას უკანონოდ ფლობს

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს 30 ათასი მოქალაქე, პარალელურად უცხო ქვეყნის მოქალაქეობას უკანონოდ ფლობს. აღნიშნულის შესახებ მათ საქართველოს სახელმწიფოსთვის არ უცნობებიათ, რაც კონსტიტუციის თანახმად, მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს.

"საქართველოს სახელმწიფო ცდილობს, შეინარჩუნოს საქართველოს მოქალაქეები და დაიცვას მათი ინტერესები. შესაბამისად, სერვისების განვითარების სააგენტომ სპეციალური განცხადებით მიმართა ყველა ასეთ პირს, განურჩევლად თანამდებობისა თუ სტატუსისა, რომ ჩაერთონ საქმის წარმოებაში და მიმართონ სააგენტოს ორმაგი მოქალაქეობის მიღების სურვილით. ამის შემდეგ მოხდება მათთვის მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის შეფასება, დასკვნა გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი მათ საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებს", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც სურს, ამავე დროს, ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობაც, ასევე განცხადებით უნდა მიმართოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

 

კომენტარები